მოსახლეობის 81% ამბობს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი – კვლევა

პუბლიკა

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა, აჩვენებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის განმავლობაში ამ სფეროში მიღწეულ ცვლილებებს. კვლევის მიგნებები  2013 წელს განხორციელებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთანაა შედარებული.

კვლევის მიხედვით, საქართველოში, ქალებსა და კაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულება. რესპონდენტებს, განსაკუთრებით, კაცებს, ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური  შეხედულებები.

ქალების ნახევარზე მეტი და 10-დან 8 კაცი აცხადებს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. კიდევ უფრო მეტს სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება და რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა.


კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.

კვლევის შერჩევის მოცულობა: 2 408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.

LB loan image desktop LB loan image mobile