დაბალი ბარიერის მთავარი ბენეფიციარი „ნაციონალური მოძრაობა" იქნება - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას” ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მხოლოდ დაბალი ბარიერის შემთხვევაში ექნება, დაბალრეიტინგიან პარტიებთან კოალიციური ხელისუფლების შექმნის გზით. ამის გამო, კობახიძე აცხადებს, რომ დაბალი ბარიერის მთავარი ბენეფიციარი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა” იქნება. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

„დაბალი ბარიერის მთავარი ბენეფიციარი იქნება „ნაციონალური მოძრაობა”. არა იმის გამო, რომ მას არ უჭირს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, არამედ იმის გამო, რომ ერთადერთი შანსი, რომ ისინი მობრუნდნენ ხელისუფლებაში, არის მხოლოდ დაბალი ბარირის შემთხვევაში. რატომ? იმიტომ, რომ მას არასდროს არ შეეძლება, მოიგოს არჩევნები. გამორიცხულია, რომ „ნაცმოძრაობამ” ჩვენ არჩევნები მოგვიგოს. ჩვენ გვექნება მეტი შედეგი 2024-შიც და 2028-შიც. ანუ „ნაცმოძრაობა” ჩვენ ვერ გვაჯობებს. ბოლო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 47%, მათ კი 31%. ანუ ვერც გვიახლოვდებიან და ვერც დაგვიახლოვდებიან, ეს მათ იციან.

შესაბამისად, ერთადერთი თეორიული შანსი, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში არის რა – რომ ბარიერი იყოს დაბალი, „ნაცმოძრაობასთან” ერთად ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიც არის „ლელო”, „საქართველოსთვის”, „ევროპული საქართველო” და ა.შ. და მათთან ერთად შექმნას კოალიციური ხელისუფლება.

ანუ ერთადერთი პრაქტიკული შანსი, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას” აძლევს სწორედ დაბალი ბარიერი. ამიტომ, სინამდვილეში დაბალი ბარიერის მთავარი პოტენციური ბენეფიციარი არის არა ის პარტია, რომელიც 2.5% ან 3%-ის აღებას ელოდება, არამედ სწორედ „ნაცმოძრაობა”. ისინი ელოდებიან პრაქტიკულ შანსს, რომ რაღაცნაირად ე.წ. კოალიციის პირობებში მობრუნდნენ ხელისუფლებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, კობახიძემ აღნიშნა:

„შეიძლება 2022-ში, შეიძლება 2023-ში ან შეიძლება 2024-ში მივიღოთ მესამე მოსმენით, ვნახოთ. ესაც არის დამოკიდებული წინაპირობებზე.

ჩვენ უნდა შევხედოთ, პოლიტიკური პარტიები არიან თუ არა მზად, კონსტრუქციული მონაწილეობისთვის საპარლამენტო ცხოვრებაში…

მათ უნდა დაასრულონ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე – ეს ერთი. ამას გარდა, მათ უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ, რომ ჩაერთონ პოლიტიკურ დისკუსიებში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.