„დაბლოკილი“ დირექტორების საინიციატივო ჯგუფმა სამინისტროს მოთხოვნები წაუყენა

პუბლიკა

„დაბლოკილი“ დირექტორების საინიციატივო ჯგუფმა დღეს განათლების სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს მოთხოვნები წაუყენა.

მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ:

  • წარედგინოს ყველა კანდიდატი ყველა სკოლას;
  • ხელახლა მოხდეს მეორე ეტაპზე ჩაჭრილი კანდიდატების საკითხის განხილვა და გასაუბრებაზე გასვლა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: სერტიფიცირებული დირექტორი, განათლების ექსპერტი, მასწავლებელი, დავით ფერაძე, სერტიფიცირებული დირექტორი გიორგი ჭაუჭიძე და მაია ეკალაძე, რომელიც სერტიფიცირების კონკურსს მეორე ეტაპიდან გამოეთიშა.

მათი თქმით, უკვე მეოთხე დღეა, მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„რამდენჯერმე გვითხრეს, 10 წუთში გიპასუხებთ… ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ჯერჯერობით ვერ ჩაინიშნა მინისტრთან შეხვედრა“. – აბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი მაია ეკალაძე.

საინიციატივო ჯგუფის წევრებისვე განცხადებით, მათ მინისტრთან შეკითხვები აქვთ, მათ შორის, კომისიის წევრებზე, ასევე, გასაუბრებაზე დასმული კითხვებსა და შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისობაზე. ამასთან, აინტერესებთ, რატომ არ იყვნენ ჩართული პროცესში გარეშე პირები, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები.

„შეგვხვდეს მინისტრი და გვესაუბროს იმ კითხვებზე, რომლებიც გასაუბრებაზე დაისვა და იმ გაუმჭვირვალობაზე, რომელიც თან ახლდა ამ პროცესს“, – განაცხადა მაია ეკალაძემ.

საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ისინი პროცესს, ჯერჯერობით, აქციის ხასიათს არ აძლევენ. თუმცა, პრობლემის უახლოეს დღეებში მოუგვარებლობის შემთხვევაში, პროტესტის სხვადასხვა ფორმებთან ერთად, შიმშილობას განიხილავენ.

საინიციატივო ჯგუფი ასევე გეგმავს, მიმართოს სახალხო დამცველს.

„მივდივართ სახალხო დამცველის ოფისში, ჯერ ზუსტად არ გვაქვს გადაწყვეტილი, არ გვინდა, რომ რადიკალურ ზომებს მივმართოთ, შიმშილი დავიწყოთ, მაგრამ თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამასაც ალბათ გადავწყვეტთ და შეგატყობინებთ“. – ამბობს მაია ეკალაძე.

5 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. სკოლებთან ერთად გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების სიაც. სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 927 სკოლაში გაიმართება და სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა შესაძლებლობა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ კანდიდატების მიერ პრიორიტეტული სკოლების მონიშვნის შემდგომ დაამუშავა, კანდიდატობის მსურველი ჯამში 1276 პირი იყო, აქედან 383 სკოლაში არჩევნებში მონაწილეობა სურდა 2/ ან და მეტ კანდიდატს. 892 სკოლაში კი წარდგენილი იყო მხოლოდ 1 მსურველის განაცხადი. ამ მონაცემების მიხედვით, იყო სკოლები სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა.