„დაჩაზე“ მესტუმროს, მოვიდეს მუხლამდე ტალახში | აფრიკის მცხოვრებლები კალაძეს პასუხობენ

პუბლიკა

„სახლი ყველას“ – დღეს თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციაზე აქტივისტებს მოქალაქეები აფრიკის დასახლებიდანაც შეუერთდნენ. მათ თბილისის მერის ბრალდებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სახლების დანგრევის შემთხვევაში უსახლკაროდ დარჩებიან.

„დაჩაზე“ მესტუმროს, ამოვიდეს მუხლამდე ტალახში, ნახოს როგორ „დაჩაზეც“ ვცხოვრობ“, – ამბობს ერთ-ერთი მათგან კახა კალაძეზე და დასძენს – „ყველა იყო მაგის ამომრჩეველი და მერე არჩევნები რომ მოვა, დაელოდოს ხალხის ხმებს“.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

„მოსახლეობას იმის შიშით ვეღარ სძინავს, რომ ღამე ვიღაცას თავზე ჭერი არ დაეცეს. თუ ასეთი განცხადებით გამოვიდა კალაძე, რომ ბინები გვაქვს ჩვენ, სხვა სახლები გვაქვს, 2-2 ვილა გვაქვს და პარალელურად ნაგავსაყრელზე ავაშენეთ სახლები, მაშინ ჩვენ არაადამიანები, ვირთხები ვყოფილვართ.

უსახლკაროები ვართ, თავშესაფარი არა გვაქვს, ეს ნაგავი იმიტომ გადავქექეთ, რომ თავშესაფარი აგვეშენებინა და ამას თავზე გვანგრევენ, ხალხნო. ეგ არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ის მაინც ვიცოდეთ, ღამე დაგვანგრევენ, დღისით დაგვანგრევენ, საერთოდ დაგვანგრევენ, არ დაგვანგრევენ თუ რა მოხდება?! თავებს შევაკლავთ იმიტომ, რომ ეგ არის ჩვენი ნაოფლარი, ჩვენი ნაღვაწი, ზოგს ბანკიდან აქვს ვალი გამოტანილი, ბანკის ვალს ვინ გადაიხდის ამდენი სახლი რომ დაინგრეს. მარტო ჩემზე არ არის აქ ლაპარაკი. ყველა ერთ აზრზე ვართ“, – ამბობს აფრიკის დასახლებაში მცხოვრები.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ეხმაურება „კახა კალაძის მიერ გაავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაჩემს 1600 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი აქვს“.

„მე მამაჩემთან 32 წელია ურთიერთობა არ მაქვს, დედაჩემს ჰქონდა კიდევ ინდმეწარმეობა 5 თვის წინ, კაფე-ბარი უნდა გაგვეკეთებინა და ისიც 1 თვეში დავხურეთ, ვერ ვამუშავეთ და ამაზე მეუბნება, რომ ქონება გაქვთო. მამაჩემს აქვს მიწა სოფელ კავთისხევში, ეს არც ვიცოდი, რადგან მასთან შეხება არ მაქვს, მე კიდევ დავიბადე და გავიზარდე სოფელ მეტეხში. 5 წლის ასაკიდან მამაჩემთან შეხება არ მაქვს და რადგან მას აქვს ქონება, მე სახლი არ უნდა ავაშენო?! ჩვენ არჩევნებამდე ყველამ ვიცოდით, რომ რაც მეტი სახლი აშენდება, მით უკეთესი და ყველას გაგვიფორმებდნენ“, – აცხადებს აქციის მონაწილე.


„თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ! ეს მისაღებია, მოსულა? გამეცით პასუხი, შეიძლება ამის გაკეთება? ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები, ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში სახლი და ა.შ. სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 დეკემბერს.

დღეს აფრიკის დასახლების მახარდამჭერი აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ: შეწყდეს ხალხის სახლების ნგრევა; დანგრევის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები უზრუნველყონ ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრისით; გაიყვანონ გზა, წყალი და ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციები იქ მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.