„დადასტურდა, რომ შეიძლება იყო ფრთხილი, მაგრამ არა მხდალი“ | ნაცვლიშვილი უკრაინაში ვიზიტზე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში იმყოფებოდა, დაბრუნების შემდეგ ვიზიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს იყო ძალიან საჭირო ვიზიტი უკრაინისთვის, საქართველოსა და ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის.

„რადის სპიკერმა გვიმასპინძლა. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას და დაიდო ორმხრივი პირობა – გაუმჯობესდეს კომუნუკაცია და მხარდაჭერა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის შავი ხვრელი. საკითხი რომ ხაზგასასმელი გახდა, ამით ყველაფერი ნათქვამია… მაგრამ ეს განცხადება გაკეთდა, რაც სწორია. ამას ვითხოვდით ომის 52 დღე, პასუხად კი ვიღებდით ომის სურვილში დადანაშაულებას.

დადასტურდა, რომ შეიძლება იყო ფრთხილი, მაგრამ არა მხდალი. ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს – უკრაინა ჩვენგან ზურგის ჩვენებას არ იმსახურებს, არც ჩვენი გმირული ისტორია იმსახურებს ამას.

რადის სპიკერმა გულითადი მადლობა დაგვაბარა თქვენთან, ქართველ ხალხთან. ყველაფერი იციან, ყველაფერს ხედავენ და აფასებენ. როცა ხელისუფლება სწორ ნაბიჯს დგამს, ამასაც აფასებენ“, – წერს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში სთხოვეს ქართულ დელეგაციას, იმსჯელონ ორმხრივ სანქციებზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. დეპუტატმა რადის სპიკერთან ერთად ბუჩასა და ირპენში ჩასვლის შესახებაც ისაუბრა.

„ყველამ ერთად ვნახეთ და მოვისმინეთ რუსეთის მიერ ჩადენილი არაადამიანური ქმედებების ისტორიები და ჩვენი თვალით ვნახეთ მტკიცებულებები. ჩადენილია სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები და პასუხისმგებლობას ვერავინ უნდა გაექცეს!

სწორია, რომ ჩავედით მრავალპარტიული დელეგაცია. სწორია, რომ ოპოზიცია მოვითხოვდით სპიკერისგან ჩასვლას, და როცა უარზე დადგნენ, ვთქვით, რომ მაშინ ჩვენ წავიდოდით. არ მინდა, დაგვავიწყდეს, რომ ამ ალტერნატივის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის როლი. მადლობა მას და ყველას ოპოზიციიდან, ვინც დავიწყეთ და ბოლომდე მივიყვანეთ ეს ამბავი. მადლობა საზოგადოებას და ქართველ ხალხს, რომლის აქტიური ზეწოლაც, ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესი იყო…“ – წერს ის.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც საჭირო იყო სწორედ ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციით ჩასვლა.


საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა. დელეგაციაში იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი. 15 აპრილს ჩავიდნენ კიევში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.