სტეფანჩუკი: განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა

პუბლიკა

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ის ამბობს, რომ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა განიხილეს.

„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან.

განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე უკრაინის აღდგენის პროცესში საქართველოს შესაძლო დახმარება.

მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.

მსურს დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ასეთივე ძლიერი იქნება!“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.


საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი -გიორგი ხოჯევანიშვილი.

გუშინ კიევში ჩავიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

LB loan image desktop LB loan image mobile