დადასტურებულია, რომ ზურაბიშვილს დაზიანება აღენიშნება - ბესელიამ პროკურატურას მიმართა

პუბლიკა

მე-5 პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და ოფიციალურად მოითხოვა გამოძიების დაწყება სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით. საქმე ეხება თბილისის აეროპორტში მომხდარს, რა დროსაც ზურაბიშვილს უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.

ბესელიას თქმით, დადასტურებულია, რომ თავდასხმის შემდეგ ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნებოდა.

„ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სახელდებულია, როგორც ჯგუფის მიერ ორგანიზებულად ძალადობა, თუმცა კიდევ უფრო მძიმე შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური შეხედულებების გამო და პოზიციის გამო. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ეს აგრესია, ამისთვის კიდევ ცალკე სპეციფიკური მუხლია არაადამიანური მოპყრობის. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება, მიყენებული ნასროლი საგნების შედეგად. [კვერცხის გარდა] შეიძლება სხვა რამეც იყო, არ ვიცი, ფაქტია, რომ რაც არ უნდა ისროლო სახის არეში როდესაც ესვრი ადამიანს, შეიძლება იყოს სახიფათო. ჩანდა, რომ იქ მობილიზება ხდებოდა კიდევ გარეთ სხვა ჯგუფებისა. დაცვა ელოდებოდა, დაცვამ სცადა, პოლიცია ეპოვა, პრეზიდენტმა უთხრა, რომ მოეხმოთ პოლიციელები წესრიგის დასაცავად, მაგრამ არავინ არ იყო, ვისთვის უნდა მოეხმოთ, რაც სწორედ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ წინასწარ იყო მოსუფთავებული სივრცე, რომ თავდამსხმელებს ჰქონოდათ შეუფერხებელი მოქმედების საშუალება“, – თქვა ეკა ბესელიამ.

სალომე ზურაბიშვილმა 18 თებერვალს თქვა, რომ მოითხოვა გამოძიების დაწყება და რომ „ადგილი ჰქონდა არა უბრალოდ ძალადობას, არამედ წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, რომელიც შემდგომ პოლიტიკოსების, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მიერ გამართლდა“.