საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა თავდასხმაზე, რომელიც მას აეროპორტში მოუწყვეს. მან თქვა რომ ეს ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა და რომ ეს სწორედ მათი სისუსტის მაჩვენებელია.
„დღეს საჩივარი შევიტანე და გამოძიება მოვითხოვე. ყველაფერს ბოლომდე მიიყვანთ, რადგან აქ ადგილი ჰქონდა არა უბრალოდ ძალადობას, არამედ წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, რომელიც შემდგომ პოლიტიკოსების, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მიერ გამართლდა.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პრეზიდენტს აღიარებს თუ არ აღიარებს – ეს არის სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს პატივს უნდა სცემდნენ. აქ საქმე ჩემზე არ არის, მე ამ შემთხვევაში პიროვნება კი არა, იმ იდეის სიმბოლო ვარ, რომელსაც ებრძვის „ქართული ოცნება“ – ქართული სახელმწიფო, ქართული ტრადიციები, ქართული ზრდილობა. თუმცა ეს მათ უკვე დიდი ხანია დავიწყებული აქვთ, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯი.
როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში – ამერიკაში, საფრანგეთში – მიმიღეს, რგორც მიმიღეს, ეს იყო ამათი რეაქცია. პატარა ადამიანების პატარა ბოღმა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა ხდება და რატომ ხდება.
ესენი რეალურად ვერაფერს მართავენ. საქართველო ამაზე ბევრად მეტია, ის ამაზე დიდია! „ქართული ოცნება“ საქართველოს მართვას ვერ ახერხებს – მათ აღარც იციან, რას ნიშნავს მართვა. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის რეპრესიული ზომების მიღება – ერთი მეორის შემდეგ, და კვერცხების სროლა.
უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა თავად ხელისუფლებაში ხარ. თუმცა, მათ შემთხვევაში სიტყვა „ხელისუფლება“ არ მომწონს, რადგან ისინი აღარ არიან ხელისუფლება – ესენი არიან რეჟიმი.
რეჟიმი სისუსტეს მაშინ ავლენს, როდესაც ქალზე ძალადობს – ასაკოვან ქალზე, რომელსაც პრეზიდენტად არ აღიარებენ. კარგი, ნუ მიცნობთ პრეზიდენტად, მაგრამ ასე მოქცევა მაინც მიუღებელია. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მაშინ არ ვიცი, საერთოდ, რა შეიძლება იყოს.
ამიტომ, ჩემი დღევანდელი მოწოდება საზოგადოებას ეხება, რომელიც ღელავს, და გასაგებიც არის, რატომ. არის რაღაც, რაც არავის უნდა ეკადრებოდეს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ.
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას გამოხატული სოლიდარობისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომელთა მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა მივიღეთ.
ცხადია, ეს ყველაფერი საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც აზიანებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, როგორ უნდა ვისაუბროთ ტურიზმზე, როცა ქვეყანაში უსაფრთხოება არ არის დაცული. არც გუშინწინ დილით, როდესაც საქმე გიორგი გახარიას ეხებოდა – „ქართული ოცნების“ ყოფილ პრემიერს – და არც დღეს, როდესაც უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ჩემი ჯერი დადგებოდა.
ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ – სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდებოდა. თუ მე ვიცოდი, ესე იგი, ყველამ იცოდა. და თუ ქვეყანაში პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები არსებობს, ისინი რეაგირებას უნდა ახდენდნენ.
უცხოელი ტურისტები გაოცებულები უყურებდნენ ამ ყველაფერს – რა ხდება ამ ქვეყანაში?
სახელმწიფო არის იქ, სადაც წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია. თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავენ.
და მეც მათთან ერთად ვდგავარ – თუნდაც საზღვრებს გარეთ ვიყო.
არავინ იფიქროს, რომ სადმე გავიქცევი – სადაც საჭირო იქნება, იქ წავალ და ისევ დავბრუნდები, რადგან ჩემი ვალდებულებაა ვიყო ამ ხალხის ხმა და მათთვის იმედის მომცემი.
პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე – როგორც ხალხი ამბობს, ვინც რუსთაველზე დგას და არა მხოლოდ იქ.
ხვალ უფრო ვრცლად ვისაუბრებ ამ საკითხზე, უფრო დეტალურად ავხსნი, რა მოხდა და რას ვეუბნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ხვალ ჩემი ვრცელი ინტერვიუ „ფორმულაზე“ გავა, მაგრამ მანამდე მინდა მივმართო მზია ამაღლობელს და დიდი მადლობა გადავუხადო მის დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის – შიმშილობის შეწყვეტისთვის.
ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ძლიერი ქალები, ძლიერი პიროვნებები – არა მსხვერპლები, არამედ გამარჯვების სული. მზია ამაღლობელმა ეს შემართება საზღვრებს მიღმა გაავრცელა, და ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს მას.
ეს ბრძოლა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ის არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი.
დიდი მადლობა, მზია!
გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და დიდ მადლობას გიხდით ყველას!” – თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს – ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან ბრუნდებოდა.
17 თებერვალს გამთენიისას კვერცხები ასევე ესროლეს გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს. პარტია „გახარია – საქართველოსთვის” განცხადებით, მათ თბილისის აეროპორტში „ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ“.