დაჟინებით მოვუწოდებთ „ოცნებას“, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები - საელჩო

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო რუსული კანონპროექტების გაწვევის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

საელჩო მოუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს პროექტები.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია.

მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.