დაფუძნდა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ | მიზნები, ამოცანები და პარლამენტში სამუშაო გეგმა

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა 4-მა დეპუტატმა – ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა დღეს, 9 იანვარს გაიმართა.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მისი უხუცესი წევრი, ფრიდონ ინჯია აირჩიეს. პარტიის პოლიტსაბჭო ცხრა კაცისგან შედგება. ესენი არიან – ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე, თამარ კიკნაძე, გიორგი მაღლაკელიძე, ბუხუტი ჭაჭუა, ვიქტორ ცაავა, ირაკლი უბილავა.

„პუბლიკა“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, დავით ზილფიმიანს ესაუბრა.

დავით ზილფიმიანის განცხადებით, პარტიას ვრცელი სამუშაო გეგმა და პროგრამა აქვს; მისი თქმით, ახალი პოლიტიკური გუნდის ძირითადი სამუშაო სიღარიბის დაძლევა და ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაა.

„სამუშაო გეგმაც და პროგრამაც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ძირითადი ჩემი მოსაზრება და პრობლემატიკა, რომელიც უნდა გადაწყდეს, ეს, რა თქმა უნდა, არის სიღარიბის პრობლემა და ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნა.

დღეს ხომ ქვეყანაში არსებობს ძალიან მცირე მდიდარი ფენა და ძალიან ბევრი ღარიბი… ეს არის საერთოდ ევროსოციალისტების მიზანი და მიზანსწრაფვაც. თქვენ იცით, რომ ევროსოციალისტები უზრუნველყოფენ სწორედ ამას და ბევრ ქვეყანაში არიან ისინი ქვეყნების სათავეში, მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში…“, – განაცხადა „პუბლიკასთან“ საუბრისას ზილფიმიანმა.

რაც შეეხება მათ საპარლამენტო საქმიანობას, ზილფიმიანი ამბობს, რომ სესიის განახლებისთანავე წარადგენენ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც რიგი კანონების დახვეწას ითვალისწინებს. ზილფიმიანი ამბობს, რომ არსებობს კანონები, რომლებიც იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

„ქვეყანაში სამართლიანობა ვერა და ვერ აღდგა. საჭიროა სამართლიანობის აღდგენა. საკანონმდებლო ბაზა არის ფრიად შესაცვლელი. ბევრი რამ, იმიტომ რომ ორმაგი ინტერპრეტირება ხდება ამა თუ იმ კანონის და ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მოსამართლეებს არ ეძლეოდეთ იმის საშუალება, ერთი და იგივე კანონით როგორი გადაწყვეტილებაც უნდათ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, მაგალითად დაასახელოს ერთი ასეთი კანონი მაინც, ზილფიმიანი გვპასუხობს: „პირველივე სესიიდან ჩვენი მონაწილეობის  დროს რიგითობის მიხედვით გავიტანთ კანონებს და თქვენ გეცოდინებათ. დასანანია, რომ ძალიან ბევრია ისეთი კანონი, რომელიც აძლევს მოსამართლეს თავისუფლებას, როგორც უნდა, ისეთი ინტერპრეტაცია მოახდინოს“.

პარტიის ყრილობაზე წესდება გააცნო შეკრებილ აუდიტორიას თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ.

წესდების მიხედვით, პარტიის მიზნები და ამოცანები იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და დაცვა. ინსტიტუციური მძლავრი სამოქალაქო ფორმირების ხელშეწყობა, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, საქართველოს მრავალვექტორული ევროატლანტიკური ორიენტაციის დაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა; ქვეყნის გამთლიანება, კეთილდღეობა, ევროპული, სამართლებრივი და ამავდროულად ქართული სახელმწიფოს შექმნა; წესრიგი ყველგან, როგორც შიგნით, პარტიაში, ისე იქ, სადაც ამის ხელმისაწვდომობაა.


„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა დეპუტატებმა ახალი პარტიის დაფუძნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის პირველ სამ წევრს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს – სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ, მათი ადგილი პარლამენტში კი ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიკავეს და „პატრიოტთა ალიანსიც“ დატოვეს.

„პატრიოტთა ალიანსი“, ისევე როგორც დანარჩენი 7 ოპოზიციური პარტია, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. მათ ცესკოს საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, განცხადებაც შეიტანეს მანდატების გაუქმებაზე. ცესკომ ყველა პარტიის მოთხოვნა დააკმაყოფილა, პარლამენტმა კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებაზე იმსჯელა.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile