გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები - კალაძე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“

პუბლიკა

„დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს და ეს ყველაფერი ჩემზე აისახება, თანაგუნდელებზე, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ქალაქი უკეთესობისკენ შეიცვალოს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები.

„იცით, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება მოგვიწია, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა, ის დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულს მერიის მხრიდან „მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“

****

თბილისში მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა 2022 წლის ივნისში ისევ გადაიდო და, როგორც  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებდნენ, აგვისტოში უნდა გახსნილიყო.

მანამდე თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმებოდა.

მეტროსადგურით მოქალაქეები 2 წელია, ვერ სარგებლობენ. „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.

მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.  სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.

LB loan image desktop LB loan image mobile