ბრიტანელი მოქალაქე, 28 წლის დენიელ ტრევისი გამოცემა Daily Express-სთან ამბობს, რომ 2024 წელს საქართველოს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ, გათავისუფლების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ.
დენიელ ტრევისი გამოცემა Daily Express-ს უყვება, რომ ის 12 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, მისი ვარაუდით, „პარლამენტში შეჭრის მცდელობის” საბაბით. ის შიშობს, რომ თუ ისევ დააკავებენ, საქართველოს საერთოდ ვერ დატოვებს, ვინაიდან მის ვიზას ვადა 2025 წლის სექტემბერში გასდის.
დენიელ ტრევისი ბრიტანულ გამოცემასთან ამბობს, რომ ციხიდან გამოშვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ და „არა-საფრენ” სიაში ჩასვეს.
დენიელ ტრევისი ლივერპულელია. ის 13 წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა, გასული წლის სექტემბერში კი თბილისში ჩამოვიდა.
ის Daily Express-თან ჰყვება, რომ ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოდან გაფრენას ცდილობდა – გაიარა უსაფრთხოების კონტროლი, ხოლო როცა საპასპორტო კონტროლის გასავლელად მივიდა, უთხრეს, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. კითხვაზე, რატომ, უპასუხეს, რომ „უნდა წავიდეს და თავისი პრობლემა მოაგვაროს”, ხოლო თუ რა პრობლემაზეა ლაპარაკი, მიუთითეს ტელეფონის ნომერზე, სადაც უნდა დაერეკა.
დენიელ ტრევისის თქმით, აღნიშნული ტელეფონის ნომერი პოლიციელის იყო, რომელიც მას აჩერებდა ყოველ ჯერზე, როცა ის საცხოვრებელს ტოვებდა და პასპორტის ჩვენებას სთხოვა.
„მითხრა, რომ მისთვის 1000 ლარი უნდა გადამეხადა. მე წავედი პოლიციაში, გადავიხადე 1000 ლარი. მათ ქვითარი არ მომცეს”. – ამბობს ტრევისი.
თანხის გადახდის შემდეგ ის ფიქრობდა, რომ „საქმე დახურულია” და ქვეყნიდან გასვლა კიდევ ერთხელ სცადა. ამჯერად მან საქართველოს საზღვრის ხმელეთით გადაკვეთა სცადა – თურქეთში მეგობართან შესახვედრად ავტობუსით წავიდა. თუმცა, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცა.
როგორც ჰყვება, აქაც, თბილისის მსგავსად უთხრეს, რომ „ვიღაცისთვის უნდა დაერეკა”. ამჯერად დენიელ ტრევისი ირწმუნება, რომ 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. თუმცა, უარი თქვა, ვინაიდან, მისი აზრით, თაღლითობის მსხვერპლები ხდებოდა.
ტრევისი Daily Express უყვება, რომ დაუკავშირდა ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში და ახლა ისინი ცდილობენ საკითხის გარკვევას.
გამოცემასთან ბრიტანეთის მოქალაქე იხსენებს, როგორ დააკავეს.
ტრევისის მონათხრობის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, როცა საპროტესტო აქციებს პოლიცია სასტიკი ძალით უსწორდებოდა, დააკავეს მაშინ, როცა იმ ბარიდან გამოვიდა, სადაც ბარმენეჯერად მუშაობს.
„მათ პარლამენტის შენობაში შემიყვანეს, სადაც პრორუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ინტერვიუ ჩამომართვა. მათ სურდათ, ისე გამოეყვანათ, თითქოს მე შევიჭერი პარლამენტის შენობაში, რაც ძალიან დიდი სისულელეა. შეუძლებელია, შეიჭრა ნებისმიერი პარლამენტის შენობაში, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი პოლიციელი იდგა”. – ამბობს ის.
Daily Express-ის თანახმად, დენიელ ტრევისი ასევე ამბობს, რომ ის, რაც შემდეგ მოხდა, სისასტიკე იყო.
„მცემეს პარლამენტის შენობაში. მირტყამდნენ ბარძაყებზე, მკლავებზე. არ მირტყამდნენ თვალებში, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში ეს მედიაში მოხვდებოდა. ისინი კრიმინალები არიან”. – ამბობს ის.
ტრევისი ასევე ყვება, რომ ცემის შემდეგ თბილისის საპატიმროში 3 დღის განმავლობაში საკვებს არა აძლევდნენ. მისი თქმით, ადგილი, სადაც მოათავსეს, „ტარაკნებით სავსე საზიზღარი ადგილი იყო”.
„მეშინოდა, რომ მოვკვდებოდი”. – თქვა მან.
დენიელ ტრევისის თქმით, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ „3 კვირის განმავლობაში ყველგან დაჰყვებოდა ერთი კონკრეტული მანქანა”.
„როგორც კი სახლს ვტოვებდი, მომყვებოდა. ძალიან ცუდი იყო”. – ამბობს ბრიტანელი მოქალაქე.
დენიელ ტრევისის ვიზას ვადა 22 სექტემბერს გასდის. ის შიშობს, რომ თუ მანამდე საქართველოს ვერ დატოვებს, კვლავ დააპატიმრებენ და სცემენ.
„მე ჯერაც მაქვს სისხლჩაქცევები, რომლებიც პირველად ცემის შემდეგ დამრჩა. აქაური პოლიციის მეშინია”.
„პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.