დაინტერესდით ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობის წუხილით – NGO-ები სახელმწიფოს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და „მწვანე ალტერნატივა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შუქრუთში 2019 წლის 7 ნოემბერის შემდეგ მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და შეჩერებული აქვთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“  მაღაროს მუშაობა.

მოსახლეობა მათი სახლებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

EMC-ის განცხადებით, ადგილობრივები საუბრობენ სოფელში არსებულ მძიმე სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე, რაც, მათი მტკიცებით, სწორედ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო-მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება.

ორგანიზაციის განცხადებით, სექტემბერში შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შუალედურის შეთანხმების თანახმად, ექსპერტების, კომპანიისა და სოფლის მცხოვრებლების წარმომადგენლებით შექმნილ კომისიას, შესაბამისი კვლევის საფუძველზე, დამდგარი ზიანისა და მისი ანაზღაურების წესის შესახებ დასკვნა უნდა შეემუშავებინა.

EMC წერს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ დაათვალიერა საცხოვრებელი სახლები და დაადგინა, რომ აღწერილი დაზიანებები უკავშირდება არა კომპანიის მიერ, არამედ საბჭოთა კავშირის დროს წარმოებულ სამუშაოებს.

„კომპანიის საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს. კერძოდ, არასრული შემოწმების შედეგად, 2013-2017 წლებში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 110 418,51 ლარით განისაზღვრა[6]. 2013 წელს შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა კომპანიის მიერ უკანონო ტყეთსარგებლობის და ხე-ტყის განადგურების არაერთი ფაქტი[7].

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების შედეგად გაირკვა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ოპერირების ტერიტორიაზე “მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით კომპანიამ არათუ გამოასწორა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.“

ამიტომ 2017 წლის მაისში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნა, რომელიც სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი[8]. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიის სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა, რომელსაც მიენიჭა არა მხოლოდ ლიცენზიისა და ნებართვის პირობების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის, არამედ სრულად საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლება“,-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, EMC  და მწვანე ალტერნატივა მოუწოდებენ:

საქართველოს მთავრობას:

  • დაინტერესდეს შუქრუთის მოსახლეობის წუხილებით და სპეციალური კომისიის შექმნის გზით, შეისწავლოს ადამიანების ბუნებრივ და სოციალურ (მათ შორის ჯანმრთელობაზე) გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ფორმები, ასევე, შეიმუშავოს ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს კომისიის დასკვნითი დოკუმენტების საჯაროობა.

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

  • შეისწავლოს სოფელ შუქრუთში მაღაროს ოპერირების გეოლოგიური ზეგავლენა და დაადგინოს არის თუ არა კავშირი აღნიშნულსა და შუქრუთის მოსახლეობის საკუთრებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

  • შეამოწმოს თუ რამდენად სრულდება სოფელ შუქრუთში და მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისთვის დადგენილი წესები და ნორმები და შპს “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული ლიცენზიის პირობები;

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

  • ჩაატაროს შუქრუთის მაღაროს პერიოდული სპეციალური ტექნიკური ინსპექტირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:

  • შუქრუთში გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსებით არარაციონალური (და შესაძლოა უკანონო) სარგებლობის აღკვეთისა და პრევენციისათვის განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი.

წაიკითხეთ განცხადება სრულად;