დაისაჯონ დამნაშავეები და გადადგეს თორნიკე რიჟვაძე - ბათუმსა და თბილისში აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრისა და საკრებულოს ახალარჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გამოძიების დაწყებასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ.

აჭარის მთავრობის სახლთან ნუგზარ ფუტკარაძის დამ განაცხადა, რომ მის ძმაზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ეს სისტემა კლავს, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“, – განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, დაინტერესდნენ ნუგზარ ფუტკარაძის საქმით.

„აქედან ფეხს არ მოვიცვლით, არსად წავალთ, სანამ ბოლომდე არ მივიღებთ შეკითხვებზე პასუხს, სანამ ეს კომკავშირელი, ნაძირალა რიჟვაძე არ წავა სახლში. ეს ვერავის ვერ დასცინებს. ადამიანის ნერვებზე ნუ თამაშობთ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიამ ზეწოლის ამსახველი აუდიოჩანაწერები გაავრცელა, 24 საათია გასული, გამოძიება კი ჯერ დაწყებულიც არ არის.

ბათუმის პარალელურად თბილისში საპროტესტო აქციას მართავს პარტია „დროა“, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან.

პარტიის წევრები და აქტივისტები მმართველი პარტიის ოფისთან საყვირებითა და ბანერებით არიან მისული. „ოცნების“ შენობას პოლიცია იცავს.

„დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, რომლის მთავარი პასუხისმგებლობაა ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ბათუმში; გამოიძიონ საქმე და დაისაჯოს კანონის წინაშე ყველა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს.

მოვედით აქ იმიტომ, რომ ამ ჯანდაბა ოფისში წყდება ყველაფერი და ვეუბნებით მათ წარმომადგენლებს, რომ წითელი ხაზია, როცა ადამიანებს იწირავენ. ია კერზაია შერჩათ, ესეც უნდა შერჩეთ? არ ვაპატიებთ! ეს წითელი ხაზი იქნება მათთვის დასასრული. ადამიანის სიცოცხლის შეწირვა არ ეპატია არცერთ ხელისუფალს და არ ეპატიებათ ამათ. აქ წინ რომ დავდგე დინამიკით და რამდენიმე პლაკატით, არ გვაძლევენ საშუალებას“, – განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ, „დროას“ წევრმა.


24 ნოემბერს ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრეს, მტკიცებულებად კი აუდიოჩანაწერები წარადგინეს.

ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.