„დაისაჯოს ყველა დამნაშავე“ - ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს

პუბლიკა

„ლექსოსთვის“, „დაისაჯონ დამნაშავეები“ – ჟურნალისტებმა ქუთაისში მდუმარე აქცია გამართეს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლები მერიასთან შეიკრიბნენ. ჟურნალისტები 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.


„TV პირველის” დაღუპულ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. დილიდან მისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. კოლეგა ოპერატორებმა ვიდეოკამერების დერეფანი გააკეთეს და ტაშით გააცილეს ბოლო გზაზე.


„TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.