მაუწყებლები ლექსო ლაშქარავას გამოსვენების დროს მაუწყებლობას გათიშავენ

პუბლიკა

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, 3 საათზე, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამოსვენების დროს, რეგიონული მაუწყებლები ეთერს გათიშავენ და ეკრანზე მხოლოდ წარწერა გამოჩნდება.

ქუთაისში მომუშავე მედიის წარმომადგენლები 14:30-ზე მერიის წინ შეიკრიბებიან. მდუმარე აქცია დაიგეგმა სამეგრელოშიც.

ზუსტად 3 საათზე 1 წუთით მაუწყებლობას შეწყვეტს ჰერეთის სამივე რადიოსადგური: დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5 , კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8 და ბათუმში, რადიო ციტრუსი FM97.3


11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.