„დაიწყეთ გამოძიება პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე“ - გახარიას პარტია

პუბლიკა

„დაიწყეთ გამოძიება პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე“, –  ასე ეხმაურება გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტს.

პარტია „საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება.

„მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნაზე. ოცნებამ მოსპო ყველა არსებული ბერკეტი, რათა თავისუფლად გაეგრძელებინა კორუფციული საქმიანობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში.

მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია.

გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

პარტია „საქართველოსთვის“ დღესაც და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ელიტური/პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის.

პასუხისმგებლობას ხალხის ფულის მოპარვისთვის ვერავინ გაექცევა. დღეს, ქმედითი სისტემის არ არსებობის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს და დააგროვოს, ხოლო ნაცმოძრაობა, ხელისუფლების მფარველობით, ცდილობს მის კორუფციულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას გაექცეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ჩვენს მიერ დაწყებული პროცესი და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უზრუნველყოფს, რომ კორუფციისთვის პასუხი ყველამ აგოს და დანაშაულებრივი გზით, როგორც ნაცმოძრაობის, ისე ოცნების მიერ მოპოვებული ქონება დაუბრუნდეს ხალხს“, – ნათქვამია განცხადებაში.


„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.