ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ ქართული მარშის ლიდერებისა და ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციას ეხმაურებიან.
EMC მოუწოდებს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ვასაძის, ქართლი მარშის ლიდერებისა და ძალადობრივი შეკრების სხვა ორგანიზატორების წინააღმდეგ;
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გრძელდება ფილმის ჩვენება შემდეგ დღეებშიც, არსებითია, შსს-მ მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობრივი თავდასხმისა და ინციდენტების ეფექტიანი პრევენციისთვის;
არსებითია დაიხვეწოს მასშტაბური აქციების საპოლიციო მართვის სტრატეგიები და ტაქტიკები და პოლიციამ რეალურად უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების დაშორიშორება და ფიზიკური შეხების რისკების აღკვეთა.
- პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას
ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, დროულად შეიმუშავოს სისტემური პრევენციული პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ;
შეიმუშავოს თანმიმდევრული საინფორმაციო და საგანმანათლებლო პოლიტიკა თანასწორობის და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად და ჰომოფობიის შესამცირებლად
პრემიერ-მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა გააკეთონ თანასწორობის უპირობო მხარმდაჭერი განცხადებები, რომელიც შეაკავებს მზარდ ჰომოფობიურ რიტორიკას.
- პოლიტიკურ ჯგუფებს
გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობის წილი მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების რადიკალიზების პროცესში და საკუთარი რიტორიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო ინკლუზიური და სამართლიანი გახადონ.
- მედიას
სათანადოდ გაიაზროს რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებისთვის საჯარო ფორუმის შეუზღუდავი დათმობის რისკები და გაშუქების დროს გაიაზრონ რაციონალური, დემოკრატიული საჯარო დისკუსიის მნიშვნელობა.
- საპატრიარქოს
გაიაზროს ძალადობის შეწყნარების და ლეგიტიმაციის რისკები და საზოგადოებაზე მისი მაღალი გავლენების გათვალისწინებით, უპირობო მშვიდობაზე ორიენტირებულ იდეებს დაუჭიროს მხარი;