„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, დაიწყოს გამოძიება გელათის სამონასტრო კომპლექსის არასწორი რეაბილიტაციის გამო ძეგლის დაზიანების ფაქტზე, ასევე სამსახურეობრივი გულგრილობის დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე.
„2014-2019 წლებში ჩატარდა გელათის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც დაზიანდა სახურავი და წყალი ჩადის, რამაც დააზიანა საუკუნოვანი ფრესკები, მე ამაზე არაერთხელ გამიკეთებია პრესკონფერენცია და საზოგადოების ჯგუფები აქტიურობენ ამ თემაზე, რაც არის ძალიან კარგი, სწორედ საზოგადოების აქტიურობის შედეგად იძულებული გახდა ეს უწყებაც კი, რომ ეღიარებინა და დაენახა დანაშაულის ნიშნები და გამოძიება დაეწყო, მაგრამ ეს არის თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, იმიტომ, რომ გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ დაიწყო გასულ წელს, არ არის მიმართული იქითკენ, რომ დაადგინოს, ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები რომელთა აბსოლუტური გულგრილობის გამო დაზიანდა გელათი.
ეს გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შეიძლება მართლაც ჰქონდა ადგილი კორუფციას გელათის რეაბილიტაციის პროცესში, რაც არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას ძეგლის დაზიანების გამო, ეს არის ფაქტი, შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანდა, ამიტომ ამ უწყებამ მომხდარს უნდა დაარქვას თავისი სახელი, სხვა შემთხვევაში სამართალი ვერ აღსრულდება“, – უთხრა ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა.