„თუნუქის დროებითი გადახურვით, გელათი ზამთარს ვერ გადაიტანს“

ქრისტინე მუჯირი

რამდენიმე თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში გელათის კომპლექსი მოექცა, არასწორად წარმართული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების გამო, რამაც სახურავის დაზიანება გამოიწვია, დასველდა კედლები და საფრთხე შეექმნა და დაზიანდა კედლის მხატვრობაც. მომხდართან დაკავშირებით განცხადებებს პერიოდულად ავრცელებდა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას აკისრებდნენ. განცხადება გაავრცელა ორგანიზაცია ICOMOS-საქართველომაც, რომელიც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტს წარმოადგენს. ორგანიზაციაში აცხადებდნენ,  რომ გელათში „აუცილებელია სრული, საიმედო გადახურვა. რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი დაზიანების სრულყოფილად შესწავლა“.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის დროებითი სახურავით იფარება, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განმარტა, რომ სახურავი დროებითი იყო, რათა ძეგლში წყლის ჩასვლის პროცესი შეჩერებულიყო.

„პუბლიკა“ ესაუბრა არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილს. ის გელათის მთავარი ტაძრის დროებითად თუნუქის სახურავით გადახურვის გადაწყვეტილებას არ იწონებს. მისრიაშვილის თქმით, დაზიანებული სახურავის გამო კედლებმა ნალექი შეიწოვა, ხოლო თუნუქის დროებითი გადახურვა, რომელზეც ახლა მუშაობენ, წყალს აორთქლების საშუალებას არ მისცემს, რაც კიდევ მეტად დააზიანებს კედლის მხატვრობას.

არქიტექტორ-რესტავრატორი აღნიშნავს, რომ საჭიროა კომპლექსი ერთიანი კონსტრუქციის, საბურველის ქვეშ მოექცეს. არსებული სახურავი მთლიანად უნდა მოიხსნას, რათა სპეციალისტებს ჯერ დაკვირვების, ხოლო შემდგომ შესაბამისი სამუშაოების წარმართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ეს ყველაფერი ვერ იცდის და ვერ მოიცდის. ზამთარს ვერ გადაიტანს გელათი. ნალექი შეიწოვა კედლებმა, მთელი ზამთრის განმავლობაში შიდა ფრესკებზე ამისი გამოდინება მოხდება და შეიქმნება უარესი სიტუაცია, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუნუქის სახურავით ძეგლის დროებითი გადახურვა არის უაზრობა. ის ერთიანი საბურველის ქვეშ უნდა მოექცეს, გადახურვა უნდა მოეწყოს გარკვეული სიმაღლის ნიშნულიდან, ხოლო ეს გადახურვა მთლიანად უნდა მოიხსნას. საჭიროა, რომ კამარები სწრაფად გამოშრეს“, – ამბობს ის „პუბლიკასთან“.

ფოტო: გოგოთურ მისრიაშვილი

გოგოთურ მისრიაშვილი აცხადებს, რომ გელათის კომპლექსი არასწორად წარმართული სარესტავრაციო პროცესის გამო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროა სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გამოიყოს შესაბამისი დაფინანსება, რათა პროცესი ზედმიწევნით სწორად წარიმართოს.

„საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეტი დაფინანსება. ხოლო იურიდიული გამორკვევები – ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება არასწორად წარმართული სამუშაოების გამო – შეიძლება სამომავლოდ გადავდოთ“, – ამბობს გოგოთურ მისრიაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე სპეციალისტები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეხება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს და არა რომელიღაც სოფლის საყდარს, მეტი სერიოზულობა და  პროფესიული სიფრთხილე გვმართებს. სპეციალისტები ხელებს არ უნდა იბანდნენ ამ საკითხთან მიმართებაში“, – ამბობს ის.

რას აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში?

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადების მიხედვით, ბოლო დღეებში გელათის მთავარი ტაძრის გადახურვა თუნუქის საბურველით დაჩქარებულად მიმდინარეობს. მათი თქმით, დროებითი გადახურვის მოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

„გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების თავიდან არიდებას”, – ნათქვამი კულტურული მემკივდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ტაძარზე დროებითი გადახურვა შენარჩუნდება მანამდე, სანამ კრამიტის სახურავი ახალი, თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად არ ჩანაცვლდება.

ICOMOS-საქართველოს შეფასება

ICOMOS-საქართველომ გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ წერილი გამოაქვეყნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან და ინფორმაცია გაცვალეს  ორგანიზაციებთან UNESCO-სთან და საერთაშორისო ICOMOS-თან.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს გელათის სამონასტრო კომპლექსში მთავარი ტაძრისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრის საიმედო გადახურვა, რათა არ დაზიანდეს კედლის მხატვრობა და სპეციალისტებს დაზიანებების შესწავლის საშუალება მიეცეს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ UNESCO-მ ზოგადად დადებითად შეაფასა „გელათის მონასტრის“ კონსერვაციის გეგმა.

ხოლო, ICOMOS-ის ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ტექნიკური შეფასება მხოლოდ მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის სტრუქტურულ გამაგრებაზეა გაკეთებული. მათი თქმით, საერთაშორისო ICOMOS-ს ასეთი შეფასება არ გაუკეთებია არც სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე და არც ქვის კონსერვაციის კომპონენტზე. მათი თქმით, კედლის მხატვრობის საგანგაშო მდგომარეობა, როგორც მთავარ ტაძარში, განსაკუთრებით კი წმ. გიორგის ეკლესიაში, 2010 წლიდან მოყოლებული ყველა შეფასების დოკუმენტის მთავარი თემაა და ეს სცდება 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს.

საიას მიმართვა პროკურატურას

საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შეისწავლეს ყველა დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპზე საჯარო იყო, თუმცა საია აპირებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვოს ყველა ინფორმაცია პროექტის შესახებ, მათ შორის – ფინანსური.

„ამ შედეგებს, რაც გელათს ზიანის სახით მიადგა, დიდი ხნის განმავლობაში ვნახავთ კიდევ. ერთი კვირის თავზე რომ თქვან, გელათის გადახურვა გამართულია და წყალი აღარ ჩავა სამონასტრო კომპლექსში, ეს არ ნიშნავს, რომ დაზიანებები, რომლებიც კომპლექსს მიადგა, გაქრება“ , – განაცხადა სალაძემ.

პროკურატურისადმი გაგზავნილ წერილში, საია მიუთითებს, რომ სააგენტო გელათში მომხდარს „ხარვეზებს“ უწოდებს, მათი თქმით, მიმდინარე პროცესებიდან ცხადად ჩანს, რომ  ეს სცდება „ხარვეზს“ და საქმე ეხება ძეგლის დაზიანებას, რომელიც დასჯადია.

საია პორკურატურისადმი მიმართვაში აცხადებს, რომ 2018 წელს შეიცვალა კრამიტის მწარმოებელი, რომელმაც კრამიტი განსხვავებული მასალით – თეთრი კერამიკით დაამზადა. გამოვლინდა, რომ სწორედ აღნიშნული კრამიტია დაზიანებული ყინვის შედეგად. საია სააგენტოს მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ ამ დროისთვის კრამიტების მდგომარეობა შეფასდა, როგორც ძალიან მძიმე და დათვალიერების დროს კედლის მხატვრობის ფენები იყო სველი.

„მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოსთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული პრობლემების შესახებ 2020 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, პრობლემა ამ დრომდე არ აღმოფხვრილა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის დაზიანება კვლავაც გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძების პროცესში ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რამდენად თანმიმდევრულად კანონის მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს; როდის გახდა ცნობილი ძეგლის დაზიანების თაობაზე მათთვის და როდის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები; ხომ არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებაში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მოითხოვს. საუბარია სსკ-ის 259​2 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).