გელათის დროებითი გადახურვის პროექტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას - სააგენტო

პუბლიკა

„გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„გელათის ღვითსმშობლის შობის სახელობის ტაძარზე სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვების მოწყობა ბოლო დღეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მთავარ ტაძარზე პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, თუნუქის საბურველით უკვე დაიხურა სხვადასხვა არქტიტექტურული სეგმენტები, სადაც დროებითი სახურავის ახლად დამზადებული კრამიტით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება. ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე (ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, ნართექსსა და მკლავებზე) დროებითი სახურავის მოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრის თვემდე ეტაპობრივად დასრულდება.

ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტი, ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, საპროექტო ჯგუფმა „საქართველოს მემკვიდრეობამ“ მოამზადა და მასზე სამშენებლო ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრების განხილვისა და მხარდაჭერის საფუძველზე გაიცა.

პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული კლიმატური და დროული საკონსერვაციო ჩარევის გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ზამთრის სეზონზე ტაძარში წყლის ჩადინების დაცვას.

კედლის მხატვრობის დაცვისა და ტაძარში წყლის ჩადინების არიდების მიზნით, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვა შენარჩუნდება იქამდე სანამ კრამიტის სახურავი ახალი, თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად არ ჩანაცვლდება. კრამიტის ხარისხი ლაბორატორიული შემოწმების წესითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული”, – წერს სააგენტო.


2020 წლის მარტში პროფესიული წრეებისთვის ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის გამოც დასავლეთ ნაწილში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა კედლის მხატვრობა.

„ICOMOS საქართველოს” შეფასებით, ძეგლი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გადაიხურა – გუმბათის გარშემო, ნაწილობრივ. მათი თქმით, დროებითი გადახურვის ასეთი მეთოდი ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე აუცილებელია სრული, საიმედო გადახურვა. რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი დაზიანების სრულყოფილად შესწავლა.