დაკარგულია 181 დოზა. სათადარიგო სიები შედგება ჯარისა და პოლიციელებისგან - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიქმნება სათადარიგო სიები, პოლიციისა და ჯარის ჩართულობით, რომლებიც ვაქცინის სავარაუდო დანაკარგის დოზებით აცრაში მიიღებენ მონაწილეობას.

„არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვაქცინის რამდენი დოზა იკარგება. ამ ეტაპისთვის დაკარგულია მხოლოდ 3%-მდე. ეს არის 181 დოზა და შემდგომში რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიციისა და ჯარის ჩართულობით შეიქმნას სათადარიგო სიები, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზებით აცრაში მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ეს ადამიანები პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ „ფაიზერით” აიცრა 678 ადამიანი და არ დაკარგულა არც ერთი დოზა. მისი თქმით, თითოეულ კლინიკაში, ამ 6 კლინიკიდან, დაახლოებით, საშუალოდ, 2-2 ადამიანი ვერ მივიდა და კლინიკამ სწრაფად მოახდინა მობილიზება ადგილობრივი მედპერსონალის, რათა დანაკარგი არ ყოფილიყო.

მისი განმარტებით, „ასტრაზენეკაზე“ არის 10-დოზიანი ფლაკონები, ხოლო „ფაიზერზე“ – 6-დოზიანი. „გახსნისას სასურველია, იყოს 10 ადამიანი, დოზა რომ არ დავკარგოთ. თუ იხსნება ისე, რომ არის მაგ. 4- 5 ადამიანი, ამ დროს სწორად უნდა გამოვიყენოთ სარეზერვო ჯგუფები, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ვაქცინის დოზა“, – განაცხადა მან.