„დაკავებას არ ელოდებოდნენ, თავს დამნაშავედ არცერთი არ მიიჩნევს“ - ფურცხვანიძის და „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლების ადვოკატი

პუბლიკა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.

გრინსერვის პლუსის“ დაკავებული თანამშრომლების, ლაშა ფურცხვანიძის, დევი კახოიძის და ბექა მურღვლიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განაცხადა, რომ ისინი დაკავებას არ ელოდებოდნენ და თავს დამნაშავედ არცერთი არ მიიჩნევს.

„თავს დამნაშავედ არცერთი არ მიიჩნევს, ველოდებით მასალებს. ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ რაც იქნება საჭირო საგამოძიებო მოქმედებებისთვის, უარს არავინ აცხადებს. ამ ეტაპზე არც ვიცით, რა არის ბრალდება. დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე რამე კონკრეტულს ვერ ვიტყვი, საქმის მასალებს ველოდები“, – განაცხადა მან.

ადვოკატები ბრალის დადგენილებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ და ასე გააგრძელებენ.

მშენექსპერტის“ დირექტორის, ნუგზარ ქიტიაშვილისა და ინსპექტორის, დათო თუშიშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დოკუმენტების გაყალბებაზე გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან, რადგან ისინი ადგენდნენ მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას.

„ისინი არ ეთანხმებიან, რომ რამე მცირე ბრალიც კი მიუძღვით იმ დანაშაულში, რომელსაც, სავარაუდოდ, წარუდგენს გამოძიება, ვგულისხმობ დოკუმენტაციის გაყალბებას. ვინაიდან ისინი იყვნენ ხარჯთაღრიცხვის შემდგენი ექსპერტები და არანაირი შემხებლობა ობიექტის უსაფრთხოებასთან და ექსპლუატაციასთან მიმართებით არ ჰქონდათ.

მათ შეადარეს გახარჯული თანხის შესაბამისობა სატენდერო პირობებთან, ეს იყო მათი ამოცანა და ეს დევს ბრალის დადგენილებაში“, – განაცხადა მან.

საქმესთან დაკავშირებით სულ 9 პირი დააკავეს.

შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი დაკავებულია 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის თანამშრომელი დევი კახოიძე დაკავებულია სსკ-ის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.

რაც შეეხება „მშენექსპერტის“ თანამშრომლებს, მათ გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ედავება, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას.