დაკავებულ მაღაროელებს ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინეს

პუბლიკა

დაკავებულ მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინა. როგორც ადვოკატმა მარიამ პატარიძემ „პუბლიკასთან” განაცხადა, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.

„ბრალი წარუდგინეს, ჩვენი ორგანიზაცია დარჩა მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძის ნაწილში, ბრალდება დაუმძიმდა 4-ვე მათგანს. ამ ორ პირს 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა. დანარჩენ ორს მხოლოდ მონაწილეობა”, – აღნიშნა მან.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

დაკავებული მაღაროელების სასამართლო პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ, ხვალ გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.