დაკავებული ბუღალტერი თსუ-ში 10 წელზე მეტი მუშაობდა. დარღვევები შიდა აუდიტმა გამოავლინა - თსუ

პუბლიკა

თსუ-ის ყოფილი ბუღალტრის დაკავების შესახებ დღეს უნივერსიტეტში პირველი კომენტარი გაკეთდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე აცხადებენ, ფინანსური დანაშაულის ნიშნები თავდაპირველად უნივერსიტეტის შიდა აუდიტმა გამოავლინა და მასალები პროკურატურას გამოძიებისთვის გადაუგზავნა.

„თუ როგორ შეძლო ბუღალტერმა ამხელა თანხის მითვისება – ამას დაადგენს გამოძიება. ეს მოკვლევა თსუ-ის შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, დეკემბერში გადავეცით პროკურატურას. საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე”, – ამბობს რექტორი „TV პირველთან” საუბრისას.

საღინაძის ცნობით, დაკავებული ბუღალტერი უნივერსიტეტში 10 წელზე მეტი მუშაობდა და უკვე რამდენიმე თვეა, მათი თანამშრომელი აღარ არის.

„თსუ-ის ფინანსურმა დეპარტამენტმა 2021 წლის დეკემბერში გამოავლინა გარკვეული გადაცდომები, მოგვმართა ადმინისტრაციას, ჩვენ დავავალეთ ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურს შესაბამისი ფაქტის მოკვლევა, მოკვლევის ეტაპზე გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, რომელიც 2022 წლის მარტის თვეში გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში, რის შემდგომაც შესაბამისმა ორგანომ ჩაატარა გამოძიება…

აქ იყო გადარიცხული მცირე მოცულობის თანხები, რაზეც ეჭვის მიტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, თუმცა გადამოწმებისა და გარკვეული ფილტრაციის შედეგად გამოვლინდა უზუსტობები.

ამ შემთხვევაში გადარიცხვის დროს უთითებდნენ სხვა პირს, ვისზეც რეალურად სწორი იქნებოდა, რომ ჩარიცხოდა თანხა, თუმცა ანგარიშის ნომერი იყო სხვა”, – ამბობს საღინაძე.


პროკურატურამ 5 ოქტომბერს დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით თსუ-ის ბუღალტერი და კიდევ ერთი პირი დააკავა.

„საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი“ შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile