დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს – ადვოკატი

პუბლიკა

სასულიერო პირი, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, გორის იზოლატორშია მოთავსებული. პროკურატურას მისთვის ბრალი ჯერ ისევ არ წარუდგენია.

მისი უფლებადამცველი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

„მამაომ დაგვიდასტურა, რომ მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალობას. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. რიგ საკითხებს, რომლებიც ბრალდების მხარეს ჩვენსწინააღმდეგ აქვს გამოყენებული, არ ვეთანხმებით.

როდესაც საქმის მასალებზე წვდომა გვექნება, დეტალურად მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტობრივ გარემოებებს არ ვეთანხმებით არც ერთ ნაწილში. იარაღზეა საუბარი და არანაირი იარაღი არ არის გამოყენებული, ამოღებული. არ არსებობს იარაღი.

ჯერჯერობით თავს შევიკავებ ინფორმაციის გაცემისგან, მთელი რიგი ფაქტებია. ჩემი ინფორმაციით, საქმეში პირდაპირი მოწმეები არ არიან, ირიბი მოწმეები არიან“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.


შსს-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არაოფიციალური ინფორმაციით,  დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურია.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით გრძელდება.

გასულ კვირას უწყებაში მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ყინწვისის მონასტერთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კონკრეტულად, რა ფაქტს ეხებოდა საქმე, ამაზე შსს-ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.