დაკავებულია 2 პირი, რომლებმაც სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო გაქურდეს - შსს

პუბლიკა

შსს-მ ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანაზაციის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა. საუბარია სექტემბერში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც, შსს-ს თქმით, ბრალდებულებმა სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს მიკროსაფინანსო კომპანიის საცავში და გაქურდეს.

„გ.მ.-ს ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში ედება. ს.ჯ. კი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. ს.ჯ. კი დაკავებულ იქნა ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე.

პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები”, – წერს შსს.