დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც გლდანში ყოფილი მეუღლე დაჭრა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გლდანში მომხდარი დაჭრის საქმეზე 1976 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა –  შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს – 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში – გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. თ.პ. სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – წერს შსს.

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.