დაკავებულია ქვეყანაში არალეგალურად მყოფი თურქეთის 9 მოქალაქე, ამოღებულია იარაღი - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

„ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი”, – აცხადებს სუსი.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.