დაკავებულმა გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ შიმშილობა დაიწყეს

პუბლიკა

ჭიათურაში პროტესტის მონაწილეებმა მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ, რომლებიც წუხელ დააკავეს, შიმშილობა დაიწყეს.

ამის შესახებ „პუბლიკას“ ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის იზოლატორში ოთხივე დაკავებული მოინახულა. ისინი დუმილის უფლებით სარგებლობენ და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი პროტესტისგან მათ ჩამოსაშორებლად მოხდა.

ქუთათელაძის თქმით, დაკავებულებს ბრალდება, ჯერჯერობით, არ წარდგენიათ.

სამი დაკავებულის უფლებებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაიცავს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებმა რამდენიმე საათის წინ, ქუთაისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს გუშინ, 28 აპრილს დაკავებული ჭიათურელი მაღაროელები მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, შუქრუთის მცხოვრები, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი.

დაკავებულებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალს ხვალ, 30 აპრილს წარუდგენენ და, სავარაუდოდ, ხვალვე გადაწყდება აღკვეთის ღონისძიების საკითხი და შესაბამისად, დარჩებიან თუ არა დაკავებულები პატიმრობაში. გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადეს.

ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჭიათურელები გუშინ ღამით, პოლიციამ დააკავა, 28 აპრილს თხილისწყლის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა.

დაკავებულების ნაწილი ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობს, ხოლო გიორგი ნეფარიძე შუქრუთის მცხოვრებია და იგი უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.

ინციდენტის ფონია ასევე ჭიათურაში თებერვლიდან მიმდინარე პროტესტი და უმძიმესი სოციალური და ჰუმანიტარული ვითარება. როგორც ცნობილია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის ხელფასის გადახდა, მაღაროების დაკეტვის შესახებ გამოაცხადა და 3500 ადამიანი სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით სამსახურიდან გაათავისუფლა. თებერვლიდან მოყოლებული მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მშრომელების წარმომადგენლებს არ მიეცათ არც ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამმხრივი კომისიის შეხვედრებში და ჭიათურის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფში შესაძლებლობა.

ხელისუფლების მხრიდან სრული უგულებელყოფის ფონზე, რამდენიმე დღის წინ მაღაროელებს გამოუცხადეს, რომ ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები აღდგებოდა, თუმცა საწარმოს რეორგანიზაციის პირობით, რასაც სათავეში რუსი ოლიგარქი, მიხეილ სოცკი ჩაუდგებოდა. რეორგანიზაციის პროცესში კი თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება დაიგეგმა. ამ ფონზე კომპანიის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, მაღაროში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც სადავო ინციდენტი მოხდა.

აშკარაა, რომ მაღაროელების სამართლიანი პროტესტი ბარიერია ხელისუფლებისთვის და კომპანიისთვის, წინააღმდეგობის გარეშე განახორციელონ რეორგანიზაციის პროცესი და სამუშაოს გარეშე დატოვონ ასობით ჭიათურელი, რომელთა ოჯახები მთლიანად კომპანიისგან მიღებულ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. შესაბამისად, პროტესტის დასუსტების და მაღაროელების დაშინების მიზნით, სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული სამართალდამცავმა უწყებებმა პროტესტში მონაწილე სხვა პირებიც დააკავონ და გააფართოონ ბრალდებულთა წრე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები იცავენ სამი დაკავებულის უფლებებს და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მათ გამოძიება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაღაროელების განცხადებით, პროტესტის მონაწილეები წუხელ, დაახლოებით, 03:00-ზე დააკავეს.

„ძალადობრივი ქმედება, ძალის გადამეტება, ფიზიკური დაპირისპირება… მოგვექცნენ ისე, როგორც ბოროტმოქმედებს. ქალბატონებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაგვართვეს მობილურები, თითებზე ფეხის დაბიჯება ტელეფონის ხელიდან გასაშვებად… ჭიათურა, მონობისთვის გამზადებენ“, – დაწერეს პროტესტის მონაწილეებმა.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთი მაღაროდან წამოსული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის მანქანას გზა გადაუკეტეს, კობერიძე მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.