დახურულ რეჟიმში რამდენიმე NGO-ს კლანმა სახალხო დამცველის კანდიდატები დაასახელა - კობახიძე

პუბლიკა

„მდიდარმა არასამთავრობოებმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ“, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, პარლამენტში ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა და კანდიდატებს მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს. ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე არასამთავრობოს კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით, დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი და ღია, ისინი არიან დახურული.

ამ სამი კანდიდატიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია, განაცხადი შემოიტანოს იმ საჯარო კონკურსში, რომელიც პარლამენტის მიერ არის გამოცხადებული. ამის შემდეგ, მათ არასამთავრობო ორგანიზაციები შეაფასებენ და თუ ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტენ, მათ კანდიდატურებს დაასახელებენ. მათ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი უნდა გაიარონ, რაც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის. ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული, ვერც ვერავის დავჩაგრავთ. კონკურსი გამოცხადებულია, კეთილი ინებონ, განაცხადები შემოიტანონ, შეფასებები იქნება და მათ ფრაქციები დაასახელებენ. ასეთ შემთხვევაში სამართლიანობა იქნება დაცული. რაც შეეხება, მდიდარი „ენჯეობის“ შემოთავაზებულ დახურულ პროცედურას, ამას ვერ გავიზიარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

არასამთავრო ორგანიზაციებმა „ფონდ ღია საზოგადოების“ ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი დაასახელეს, – ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელია;

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად იყო არჩეული.

მესამე კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში” მუშაობდა.