დახურული ფორმატის გამო ადგილობრივები მინისტრებთან შეხვედრაზე არ მივლენ

პუბლიკა

ცაგერში დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ჩავიდნენ, თუმცა შეხვედრის დახურული ფორმატის გამო რიონის ხეობის მცველები მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ადგილობრივი აქტივისტი ვარლან გოლეთიანი ამბობს, მათ სურდათ, რომ თავადაც გადაეღოთ შეხვედრა და ასევე მას დასწრებოდა მედია. მისი თქმით, ამ ფორმატზე სახელმწიფო უწყებებმა უარი განაცხადეს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ დახურულ ფორმატში შეხვედრას აზრი არ აქვს და ამის გამო მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ არ მივდივართ შეხვედრაზე, იმის გამო, რომ შეხვედრა არაა საჯარო, დახურულ ფორმატში ტარდება. უნდა ვისაუბროთ ვიწრო ჯგუფმა და სახელისუფლებო მხარემ და ეს მიუღებლად მიგვაჩნია… ჩვენი ხეობიდან, ვინც კარვებში ვართ და ის ხალხი, ვინც ჩვენ გვისმენს და ერთ აზრზე ვდგავართ, ეს ხალხი იქ არ წავა.

ჩვენ გვინდოდა, რომ გადაღებული ყოფილიყო. ჩვენ როცა შევთავაზეთ ეს, რომ LIVE ჩაგვერთო და მედიაც იქ ყოფილიყო, უარი თქვეს ამაზე, ამიტომ სწორად მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრაში მონაწილეობა არ მივიღოთ.

აზრი არ აქვს ასეთი ტიპის შეხვედრებს, იგივე მოჯადოებული წრეა და ვბრუნავთ მერე იმავე ორბიტაზე. თუ ხალხმა არ შეხედა, დიალოგი როგორ მიდის, რას ვამბობთ ჩვენ, რას ამბობს ის მხარე, ჩვენ და მინისტრმა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს აბსოლუტრად არაფრის მომცემი იქნება.

ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად ფორმალურია [შეხვედრა] და პიარ-საინფორმაციო ფორმაა, რასაც ატარებენ. მაგ ფორმატში რა უნდა ავუხსნათ, ვერ ილაპარაკებ ვრცლად ყველა მიმართულებით. ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანებს უთხრან ის, რაც თავის ძლიერ არგუმენტებად მიაჩნიათ, ჩაითვლება მერე შეხვერა ჩატარებულად, და ეს იქნება  და ეს. ეს არ არის განხილვის ფორმატი. დარბაზში ზის ხალხი, ვიღაც გამოვა სიტყვით, მიმართავს და მერე დაიშლებიან”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ის ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი მოთხოვნაა, რომ ჰესთან დაკავშირებულ განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარე და დარგის ექსპერტები ჩაერთონ. მათივე თქმით, შეხვედრასა და დისკუსიას აზრი მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება.

„ექსპერტებთან ერთად ამ საკითხის განხილვა არის გრძელვადიანი პროცესი. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამისი დაგეგმვა არც ღირს, იმიტომ, რომ ასე – შეხვდი ერთ დღეს და ილაპარაკო ყველა მიმართულებით, უბრალოდ არასერიოზული მიდგომაა საკითხის მიმართ. აქ, აუცილებლად, უნდა დაიყოს თემები და ყველა თემაზე რამდენიმე დღის წესრიგი უნდა შედგეს, გაიწეროს და მერე ამის მერე ჩატარდება შეხვედრები ყველა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით – ნორმალურ, წყნარ, მშვიდ გარემოში, როდესაც ორივე მხრიდან იქნება ჩართულობა და ამას მედია დააკვირდება, გააშუქებს. ჩვენც ვიქნებით ამ პროცესში ჩართული ის ხალხი, ვინც კარვებში ვართ და ეს არის ის ფორმატი, რასაც ჩვენ ვითხოვდით”, – განაცხადა გოლეთიანმა.


შეხვედრის დაწყების წინ ეკომონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შეხვედრა მედიისთვის გაიხსნებოდა.

„აი ახლა გავხსენით თქვენთან საუბარში. ასე, რომ პრობლემა არ გაქვთ”, – განაცხადა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არიან, შეხვდნენ რიონის ხეობის მცველებს.

„ვწუხვარ ამის გამო. ალბათ მანამდე უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რომ გავხსნათ შეხვედრა”, – განაცხადა თურნავამ რიონის ხეობის მცველების პროტესტზე.

განახლება: ცაგერში შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ნამოხვანში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად წავიდნენ.