დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

„2020 წლის 01 იანვარს, სიღნაღის რაიონის ქ. წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ხ. ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ი.გ. გარდაცვლილის კუთვნილ 800 ლარს, 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.გ. 2020 წლის 03 იანვარს დააკავეს”, – წერს პროკურატურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულს ბრალდება წარედგინა სსკ 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.