„დამატებით არცერთი დეტალი არ მითქვამს“ - ქაშიაშვილი შსს-ში გამოიკითხა

პუბლიკა

ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა, რომელიც „ფორმულას“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გასული სიუჟეტის გამო დაიბარეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა.

ქაშიაშვილი გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ „შაბათის ფორმულას“ წამყვანმა თქვა, რომ გამოძიებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან და მის წყაროსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ უთქვამს.

„დამატებით არცერთი დეტალი არ მითქვამს. ვისარგებლე პროფესიული, ალბათ, უფრო ვალდებულებითა და ეთიკით, რადგან არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან. კითხვა საერთოდ არ დასმულა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ ამ მიზეზების გამო დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით. წყაროს მოწოდებული მთელი რიგი საკითხები ეთერში არ ვთქვით“, – განაცხადა ქაშიაშვილმა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ქაშიაშვილის გამოკითხვა, „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. 1 აგვისტოს „შაბათის ფორმულას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა. როგორც „ფორმულა“ წერს, მათ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს.