პარლამენტში ინიცირებული შრომის რეფორმის ერთ-ერთმა ინიციატორმა თამარ ხულორდავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე შრომის კანონმდებლობის კუთხით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.
„თვითონ ასოცირების ტექსტში არის ზოგადი ჩანაწერი, რომელიც ამბობს რას – რომ დაუშვებელია სახელმწიფომ იმ მოტივით, რომ წაახალისოს ინვესტიციები, რომ წაახალისოს ბიზნესი, შეზღუდოს ან არ გაითვალისწინოს შრომის უფლებები. ეს არის დაუშვებელი და შეუთავსებელია იმ სახელმწიფოს ქცევასთან, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ასოცირებული ევროკავშირთან. ანუ ეს არის ის ზოგადი სტანდარტი, რომელიც გათვალისწინებული არის ასოცირების შეთანხმებაში”, – აღნიშნა ხულორდავამ.
თამარ ხულორდავას თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით ხდება 10 დირექტივასთან ჩვენი სამართლებლივი ბაზის დაახლოება.
„ეს 10 დირექტივა არის ჩვენთვის სავალდებულო და ვადაც გვაქვს განსაზღვრული ამ პროცესისთვის. ეს არის 2019 წლის სექტემბერი, (თუ სწორად მახსოვს და მგონია რომ სწორად მახსოვს). ანუ ეს გასაკეთებელი გვქონდა ჯერ კიდევ გუშინ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა.
ხულორდავას განმარტებით, საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად აყენებენ ამ საკითხს დღის წესრიგში.
„გვახსენებენ ამ თემას. ეს არ არის თემა, რომელიც გავლილია, არ არის შესრულებული და არაუშავს. ეს არის თემა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოების მიერ მომზადებულ ანგარიშებშიც სტაბილურად აისახება. რაც შეეხება ევროკავშირს, იცით ასევე, რომ ევროპარლამენტმა 2018 წელს მოამზადა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიში, სადაც ერთ-ერთი თემა, სადაც „მინუსი დაგვეწერა“ იყო სწორედ შრომის უფლებებთან დაკავშირებული საკითხი. ეს არის 2018 წლის ანგარიში. მას შემდეგ უბრალოდ შემდეგი, საბოლოო ანგარიში ჯერ არ მომზადებულა. თან იყო ბევრი სხვა ცხელი თემა, რამაც ეს საკითხები გადაფარა, მაგრამ ევროკავშირის დღის წესრიგში ეს საკითხი მნიშვნელოვნად დგას და მნიშვნელოვანია ჩვენ თუ ამ მიმართულებას ვაღიარებთ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად, მაშინ სათანადო შემდგომი ნაბიჯებიც გადავდგათ შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით”, – ამბობს თამარ ხულორდავა.
მისი თქმით, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების, როგორიც არის მაგალითად, Human rights watch, მის ანგარიშებშიც მუდმივად არის საუბარი შრომითი უფლებების ნაწილში, შემდგომი ნაბიჯების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
„ასევე 2018 წელს იყო ევროპული კომიტეტის ანგარიში, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო ეს რეკომენდაცია და მოწოდება, რომ შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგას. ეს რაც შეეხება აი იმ საერთაშორისო ვალდებულებით ნაწილს, რომელიც ჩვენ გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ მეც ვეთანხმები დიმიტრის, რომ ჩვენთვის ამოსავალი რა თქმა უნდა პირველ რიგში იქნება ის, რაც არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი და ჩვენ მოქალაქეებს როცა ვახსენებ, არ ვგულისხმობ მხოლოდ დასაქმებულებს, რა თქმა უნდა. ასევე ვგულისხმობ დამსაქმებლებს იმიტომ, რომ ბექამ აქ აღნიშნა, რომ დამსაქმებლები ქმნიან დოვლათს, ნამდვილად ასეა. დამსაქმებლების მნიშვნელობის შემცირებას არავინ არ ცდილობს, მაგრამ დამსაქმებლები ქმნიან დოვლათს სწორედ შრომითი რესურსებისა და შრომითი ძალის გამოყენებით. ამიტომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის დოვლათს. ჩვენთვის ორივეს ინტერესი უნდა იყოს გადამწყვეტი, მნიშვნელოვანიც, აუცილებელიც და უნდა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ აი ეს სამართლიანი ბალანსი რომლის უზრუნველყოფაც ყველა ევროპული ტიპის სახელმწიფოსთვის არის განმსაზღვრელი, ჩვენთვისაც დადგეს დღის წესრიგში და შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგას. ამას ემსახურება ეს კანონპროექტი“, – აღნიშნა ხულორდავამ.