გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, კანონპროექტიდან კიდევ ამოიღონ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები – კოტე ერისთავი შრომის რეფორმაზე

პუბლიკა

დიდი ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა, ეს კანონპროექტი კიდევ გათხელდეს და ამოიღონ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ აუცილებელია, პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და მინიმუმ ეს ცვლილებები მაინც მიიღოს, – აღნიშნავს „პუბლიკასთან“ საუბრისას EMC-ის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი კოტე ერისთავი შრომის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო.

მისი თქმით, პაკეტის სამუშაო ვერსიიდან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ამოიღეს და ეს პაკეტი დავიდა მინიმალურ ბაზისურ გარანტიებამდე, რომელთა მიღებაც არის უმნიშვნელოვანესი დასაქმებულისთვის.

„ჩვენი მოწოდებაც ეს არის, რომ, მუნიმუმ, ეს არსებითი საკითხები გაითვალისწინონ და, გარდა ამისა, შევიდეს დამატებით ცვლილებები და ეს ფანჯარა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ რეალური რეფორმა გატარდეს კანონმდებლობის და არა ფიქტიური“, – ამბობს კოტე ერისთავი.

უფრო კონკრეტულად, მისივე თქმით, მიუხედავად ცვლილებებისა, პროექტში მშრომელებისთვის ხელშესახები გარანტიები არსებობს:

„შესვენებისა და დასვენების დროის დარეგულირება; ზეგანაკვეთურის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება; ინსპექციის მანდატის გაზრდა – ინსპექციას ენიჭება უფლებამოსილება, რომ სრულყოფილად დაამონიტორინგოს შრომის უფლებების დაცვა სამუშაო ადგილებზე.

თუმცა რჩება საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული და არის ისეთიებიც, რომლებიც აუარესებს მშრომელების მდგომარეობას. ეს ეხება განაცდურის ანაზღაურების საკითხს და გაურთულდება დასაქმებულს, აინაზღაუროს განაცდური უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში. ასევე, არ არის გათვალისწინებული ზეგანაკვეთურის ჭერი. ისევ ისე შეეძლება დამსაქმებელს, ამუშაოს დასაქმებული 70-80 საათი კვირაში, რაც მიუღებელია. ისევე, როგორც არ შედის დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები… გარდა ამისა [არაა გათვალისწინებული] სოლიდარული გაფიცვის საკითხი და ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავი ჩამონათვალი – აღნიშნულია „სხვა ობიექტური“ გარემოებები, რაც ხშირ შემთხვევაში ბოროტად გამოიყენება ხოლმე ბიზნესის მხრიდან. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომლებიც, სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვისაც, რომ შესული ცვლილებები რეალიზდეს ცხოვრებაში“, – ამბობს ერისთავი.

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში და ა.შ. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

პაკეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში მათ შორის ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.

პაკეტის ინიცირებული ვერსიით, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ.

გაეცანით ვრცლად კანონპროექტის შინაარსს ბმულზე;