„დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ" — პალესტინური ორგანიზაციები ისრაელს ICC-ში უჩივიან

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დამცველი 3 პალესტინური ორგანიზაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, გამოიძიოს ისრაელის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები ღაზის სექტორში, მათ შორის, პალესტინელთა გენოციდი ანკლავის ბლოკადითა და დაბომბვებით.

ისრაელი არ არის ICC-ის წევრი და არ აღიარებს მის იურისდიქციას. ქვეყანამ ადრე განაცხადა, რომ მის მიმართ გენოციდის ბრალდებები სავალალოა, ვინაიდან ისინი მიზანში იღებენ ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს და არა – მოქალაქეებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა და ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს ისრაელიც აგროვებს ჰამასის წინააღმდეგ, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის საქმეზე.

ადამიანის უფლებათა დამცველი 3 ორგანიზაცია: ალ ჰაქი, ალ მეზანი და პალესტინის ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანია  აცხადებს, რომ მათ ICC-ს სთხოვეს, აქცენტი გააკეთონ ისრაელის საჰაერო თავდასხმებზე ღაზაში მჭიდროდ დასახლებულ ადგილებზე, ასევე, ბლოკადასა და მოქალაქეების დევნილობაზე.

„ეს ქმედებები არის ომის დანაშაულები და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მათ შორის გენოციდი და გენოციდის წაქეზება“. – ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

პარალელურად დღეს, 15 ნოემბერს ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის ალ შიფას ჰოსპიტალში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მიზანი – ჰამასის წევრების განადგურებაა. საავადმყოფოს შენობას, რომელიც, ფაქტობრივად, ვეღარ ფუნქციონირებს, თავს ასობით პალესტინელი აფარებს.

საავადმყოფოში, რომელსაც საწვავი ამოეწურა, ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა „კატასტროფულია”.

ისრაელის დაზვერვა ირწმუნება, რომ ჰამასი საავადმყოფოს ფარად იყენებს.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. დაიღუპა 1400-მდე ადამიანი, გატაცებულია 200-ზე მეტი.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.

პასუხად, ისრაელის დაბომბვების შედეგად, დაიხოცა 11 000-ზე მეტი პალესტინელი მათ შორის, 4 600-ზე მეტი ბავშვი და 3100-ზე მეტი ქალი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა 14 ნოემბერს ისრელს მოუწოდა, შეწყვიტოს ცეცხლი ღაზაში „კაცობრიობის სახელით”.