დაპირისპირება მარნეულში - ენმ-ის აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარეს ცემაში ადანაშაულებენ

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მარნეულში ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის თქმით, მარნეულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის აქტივისტებს დაესხნენ თავს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჟურნალისტის თქმით, ვითარება დღის მეორე ნახევარში საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართული აქციის შემდეგ დაიძაბა. აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები მართავდნენ.

ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, პარტიის წარმომადგენლები მანქანაში ისხდნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელთა შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

„გადმოვედით ქუჩის მეორე ნაპირიდან. მე და ჩემი ბიძაშვილი მანქანაში ვჯდებოდით. იქიდან გამოიქცა გიორგი შუბითიძე [პაატა შუბითიძის შვილი], მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმას მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარე, კომისარიატის უფროსი ვაჟა შუბითიძე. ასევე მოყვნენ ბოჭორიძის ძმისშვილები. დაგვესიენ და ასეთ დღეში ჩაგვაგდეს. პირადად მე თვითონ შემეხო საკრებულოს თავმჯდომარე და ვეუბნებოდი – არ ხარ სწორი, გაჩერდი-მეთქი. დედა მაგინეს და წიხლები დამიშინეს. ამას არ შევარჩენთ”, – განაცხადა „მთავარ არხთან“ენმ-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

„პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განცხადებას გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღეს მარნეული საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება დღის პირველ ნახევარშიც მოხდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, დაპირისპირება „ოცნების“ მხრიდან იყო პროვოცირებული.

„კომისიის სხდომები ისე ჩაატარეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ გააფრთხილეს და არ დაასწრეს. ეს ემსახურება არჩევნების გაყალბების მიზანს – ამასთან დაკავშირებით გადაწყვიტეს ჩვენი კომისიის წევრებმა, რომ ჩაეტარებინათ აქცია“, – ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ლაშა ქველაძე.

„ქართული ოცნება” კი მომხდარში „ნაციონალური მოძრაობას” ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებით, ენმ-ს წევრები მათ მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ქველაძე კი საუბნო კომისიაში შეიჭრა და „ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მოვიდნენ, უნდოდათ აქცია ჩაეტარებინათ და მათი მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩვენს მიმართ, “ქართული ოცნების” მიმართ. შემდგომ გავიგე, რომ მათი წარმომადგენელი ლაშა ქველაძე შევარდა შიგნით და ჩვენს წარმომადგენელს დაარტყა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაიკა აქვს შემოხეული“, – აცხადებს ის.