დარღვევები და გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში - სახალხო დამცველმა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.

347-გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.

უარყოფით მოვლენად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნა. ობუდსმენის შეფასებით, ამ ორ სამსახურს დღესდღეობით გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის არანაირი ინსტიტუციური გარანტიები არ აქვთ და სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი რეორგანიზაცია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაუქმება არის მოყვანილი იმის მაგალითად, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული წინაპირობები სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან დაკავშირებით. შედეგად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა მიმდინარეობს და არც სასამართლო კანონმდებლობის დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი.

ასევე ნეგატიურ მოვლენადაა შეფასებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება (2022 წელს) და შემდგომ მისი ინიციირება.

ანგარიშის მიხედვით, გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება.

„არაერთი გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს, ან იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მაგალითად, აშკარა პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ნიკა გვარამიას და ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ „ბოლო წლებში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ნივთის დაზიანება, თავდასხმა, დევნა, მუქარა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, სავარაუდო არაკანონიერი მიყურადება. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს აღრმავებს ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებებიც, რასაც მედია ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების სიმრავლეც ადასტურებს.

საანგარიშო პერიოდში კვლავ ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების შეზღუდვას. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით. ეს პრაქტიკა 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება და იგი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საქმეზე ჩატარებული გამოძიება. თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რადგან სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა კონკრეტულ პირთა მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები და მათი პიროვნება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო“ ე.წ. მოსმენების კანონი. ფარული მიყურადების კანონმდებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ გამოაქვს გადაწყვეტილება.

ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაბარება არ შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას.

ანგარიშში კვლავ საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალურ მმართველობაზე. ასევე გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა.

ასევე, პრობლემურია პატიმრებისათვის სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პატიმრის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს. ომბუდსმენის შეფასებით, კვლავ გაუმართავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი.

ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება.

„პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. მეტიც, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შემოწმებულ პოლიციის დაწესებულებაში კამერების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ეს ტენდენცია არასათანადო მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისით განსაკუთრებულად საგანგაშო და მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, რომ გაიზარდოს სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი ფსიქიატრიულ დაწესებულებებშ მოთავსებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქტიური მკურნალობა აღარ სჭირდებათ თუმცა დაწესებულებას ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.

ანგარიშში განხილულია ნინოწმინდის პანსიონის საქმე. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.

ომბუდსმენი წერს, რომ გენდერული თანასწორობის კონტექსტში საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ნეგატიურადაა შეფასებული, რომ წლებია არ გაუმჯობესებულა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული ვითარება, და არც შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისათვის.

„ჯერ კიდევ არის შეუსაბამობები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებთან (მაგალითიც სს კოდექსში გაუპატიურების პრობლემური ჩანაწერი). კვლავ არ დამტკიცებულა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სიღარიბე, და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, დასაქმების სირთულეები, დამსაქმებლების მხრიდან სტიგმის შემცველი დამოკიდებულება; სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. მათ შორის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების საქმიანობა.

კვლავ არ შემუშავებულა უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.

ერთ-ერთ ყველაზე გარიყული და დაუცველი ჯგუფის – ხანდაზმულთა 36% სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. სამწუხაროდ, მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა და გათვალისწინება კვლავ არ მომხდარა.

დღემდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები. 2022 წლის ბოლოსთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ 35 ობიექტში 716 ოჯახი ცხოვრობს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს, საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 42, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 პირი დააკავეს. დაფიქსირდა უკანონო „ბორდერიზაციის“69 შემთხვევა. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და შვილების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უწევთ.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის რთულია განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი ჩართულობა და სხვ.

საქართველოს სახალხო დამცველი წლებია სახელმწიფოს დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და თანასწორუფლებიანობის მისაღწევად ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნისკენ მოუწოდებს. თუმცა, არათუ ერთიანი დოკუმენტი, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი.

პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევას წარმოადგენს ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა“, – აღნიშნულია ანგარიშში.