დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკა თავის საყვარელ ადგილს დაუთმობს სამშობლოს - ლომინაძე

პუბლიკა

„კომუნიკაციისა და ამ საკითხების განხილვის შემდეგ – თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს, – დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და თავის ძალიან საყვარელ ადგილს დაუთმობს თავის სამშობლოს”, – ამის შესახებ ნამახვანჰესის პროექტის ხელმძღვანელმა, მერაბ ლომინაძემ დღეს განაცხადა.

ის რიონის ხეობაში იმყოფება და ჟურნალისტებს საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს აცნობს.

„პროექტის შესაბამისად, იტბორება 3 სოფელი. დღეის მდგომარეობით, გადახდილია 35 მილიონი ლარი, კომპენსაციების სახით. დაკმაყოფილებულია, პრაქტიკულად, ყველა ის მოსახლე, რომელიც იმყოფებოდა დატბორვისა და ზემოქმედების არეალში, გარდა ერთი ქალბატონისა და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების განხილვა, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს, მას შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და ასე ვთქვათ, თავის ძალიან საყვარელ ადგილს დაუთმობს თავის სამშობლოს”, – განაცხადა ლომინაძემ.

მაკა სულაძე სოფელ მექვენას მოსახლეა, რომელიც უარს აცხადებს საკუთარი მიწის გაყიდვაზე. ის რიონის ხეობაში მშენებარე ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია.