უკვე შევწირე სამშობლოს ჩემი თავიც და ჩემი ქონებაც, თქვენთვის დასათმობი აღარ დამრჩა - სულაძე ლომინაძეს

პუბლიკა

„რა საყვარელი ხარ, მერაბ, ამეტირა… არადა უკვე შევწირე სამშობლოს ჩემი თავიც და ჩემი ქონებაც. თქვენთვის დასათმობი აღარ დამრჩა…“, – ასე ეხმაურება „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი მაკა სულაძე ნამახვანჰესის პროექტის ხელმძღვანელის, მერაბ ლომინაძის განცხადებას მის შესახებ. ამის შესახებ სულაძე facebook-ზე წერს.

დღეს ლომინაძე რიონის ხეობაში იმყოფება და ჟურნალისტებს საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს აცნობს. აღნიშნული განცხადებაც მან ამ ვიზიტის დროს გააკეთა:

„პროექტის შესაბამისად, იტბორება 3 სოფელი. დღეის მდგომარეობით, გადახდილია 35 მილიონი ლარი, კომპენსაციების სახით. დაკმაყოფილებულია, პრაქტიკულად, ყველა ის მოსახლე, რომელიც იმყოფებოდა დატბორვისა და ზემოქმედების არეალში, გარდა ერთი ქალბატონისა და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების განხილვა, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს, მას შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და ასე ვთქვათ, თავის ძალიან საყვარელ ადგილს დაუთმობს თავის სამშობლოს”, – განაცხადა ლომინაძემ.

მაკა სულაძე სოფელ მექვენას მოსახლეა, რომელიც უარს აცხადებს საკუთარი მიწის გაყიდვაზე. ის რიონის ხეობაში მშენებარე ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია.