დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ უნდა დაელოდონ მიხეილ სააკაშვილის პასუხს, რა პოზიცია ექნება მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

მან აქციაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი.

„რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია მისთვის და ყველაზე კარგად მან იცის, რომ მის სიცოცხლესთან დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობა. მე ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ უნდა დავიშალოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას ინფორმაციით, სააკაშვილთან შესულია ენმ-ის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე, რომელიც გამოსვლის შემდეგ ექსპრეზიდენტის პოზიციას გააცნობს საზოგადოებას.

იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

„სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთავაზობთ, რომ გადაყვანილ იქნას გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ ექიმების მუშაობას. ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ.“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილი, მკურნალობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.