დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, როგორც თავად აცხადებს,ს დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

„ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ვრცელდება ყველგან, სადაც უნდა იყოს ის. რაც შეეხება ომბუდსმენს  – აქვს უფლება, ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, ბავშვები მათ შორის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს, შეთანხმება მოხდეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებს”, – თქვა თალაკვაძემ.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.