დარწმუნებული ვარ, ვაქცინაზე უფრო ადრე შეიქმნება პრეპარატები - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ facebook-ის Live-ში კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე ისაუბრა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა შეიქმნება. ამაზე დღეს დაახლოებით 30-40 ძალიან ცნობილი ჯგუფი მუშაობს. ამაყი ვარ იმით, რომ ერთ-ერთ ჯგუფში მუშაობს ქართველი, რომელიც ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში წლების განმავლობაში მუშაობდა – ძალიან გამოჩენილი მეცნიერი გიორგი ბაბუაძე. ის დღეს კანადაშია ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ჯგუფში, რომლებიც მუშაობენ ზოგადად ახალი გენერაციის ვაქცინებზე და მათ შორის საინტერესო კვლევები აქვთ კორონავირუსულ ვაქცინაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინაზე უფრო ადრე შეიქმნება ეტიოტროპული [დაავადების მიზეზზე მოქმედი] პრეპარატები – „ახალი ან მიგნებული იქნება პრეპარატი, რომელსაც უკვე ვხმარობთ და რომელსაც ექნება ეტიოტროპული მოქმედება პირდაპირ ვირუსზე“.

ამირან გამყრელიძის თქმით, მანამდე სანამ ვაქცინა შეიქმნება აუცილებელია იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მთავრობა და ჯანდაცვის სფერო მოგვიწოდებს. დარჩი სახლში და სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივ და პირად ჰიგიენასთან ერთად, დღეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსის დასამარცხებლად.