დასაკარგი დრო, მე მგონი, არავის გვაქვს საქართველოში - ლომინაძე მიმდინარე სამუშაოებზე

პუბლიკა

ნამახვანჰესის პროექტის ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს „ენკას“ თანამშრომლები საპროექტო ტერიტორიაზე პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს.

ლომინაძე რიონის ხეობაში იმყოფება და ჟურნალისტებს საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს აცნობს.

„პოლიციის მანქანით არ მომხდარა არც ერთი თანამშრომლის გადაყვანა, მათ შორის – არც ჩემი. როგორც ნახეთ, მე შემოვედი ხეობაში თქვენთან ერთად, ჩვენი ყველა თანამშრომელი, რომელიც დღეს იმყოფება ობიექტებზე, არის ან ადგილობრივი, ხეობაში მცხოვრები, ანდაც – ჩვენს ბანაკში მცხოვრებელი. პროცესების ესკალაციის თავიდან არიდებისთვის თუ სხვადასხვა ძალისმიერ ქმედების, რომ არ იყოს ადგილზე პროვოკაციები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ თანამშრომლების მოძრაობა პიკეტების არეალში. და ასეც მოხდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს კომპანია „ენკას“ გუშინდელ განცხადებაზე, რომლითაც მათ შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდეს. ლომინაძის თქმით, კომპანიის გუშინდელი განცხადება პრევენციას ისახავდა მიზნად, რათა „უზუნველყოფილი ყოფილიყო თანამშრომლების, ვინც იმყოფებიან საპროექტო ტერიტორიაზე, უსაფრთხოება”.

რაც შეეხება პროექტის განხორციელებას, ჟურნალისტის შეკითხვაზე – იმ შემთხვევაში, თუ გავა მორატორიუმის 12-თვიანი ვადა და აღმოჩნდება, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, თქვენ გიღირთ ეს გაწეული ხარჯი? თუ გაქვთ სახელმწიფოს იმედი, რომელსაც გადაზღვეული აქვს ეს ხარჯი? ლომინაძე პასუხობს, რომ:

„იმ დასკვნებზე დაყრდნობით, რომელიც არსებობს, პრაქტიკულად, დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი ვალიდაცია, რომელიც ჩაუტარდება იმ კვლევებს, რომლებიც საფუძვლად უდევს პროექტს… კიდევ ერთხელ, ყველანი ერთად დავრწმუნდებით იმაში, რომ ჰესი არის უსაფრთხო, კაშხალი  არის მდგრადი და რომ ეს პროექტი არის აუცილებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. დასაკარგი დრო, მე მგონი, არავის გვაქვს საქართველოში”, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, რა გარანტია გაქვთ, რომ ეს ხარჯი ფუჭი არ იქნება? ლომინაძე ამბობს:

„შესაძლებელია, რასაკვირველია, რომ იყოს ფუჭი. ეს გახლავთ ბიზნესრისკები, რომელზეც ჩვენი მხარე მიდის“.

რაც შეეხება აქტივისტებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, ლომინაძე ამბობს, რომ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა, როდესაც არსებობს ფიზიკური უსაფრთხოების რისკი, შესაბამისმა უწყებებმა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ.

„არც ერთ ადამიანს, რომელიც მიემართება სახლში, არავის არ აქვს შეზღუდული გადაადგილების უფლება. რაც შეეხება აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ეს არის ფუნდამენტური უფლება ადამიანის. ცხადია, რომ ეს უფლება უნდა იქნეს დაცული და მე მიგულოს ნებისმიერმა ადამიანმა პირველი, ვინც მას გვერდში დაუდგება ამაში.

თუმცაღა, ამასთან ერთად, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში. როგორც კი ჩვენ გვაქვს ის ისტორია (აქეთაც ადამიანები არიან და იქითაც), მათ ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთან შეხებას, ცხადია, რომ კომპანიაც და ყველა შესაბამისი სტრუქტურაც უნდა იყოს მზად და მიიღოს ყველა პრევენციული ზომა, რათა ეს არ მოხდეს”, – ამბობს ლომინაძე.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, თუ რა „ისტორიას“ იხსენებს ის პრაქტიკიდან, „ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთან“ დაკავშირებით, ლომინაძე ამბობს, რომ ამ ფაქტებს საჯაროდ არ გამოქვეყნებენ, თუმცა მიაწოდეს სახალხო დამცველს. მისი თქმით, საჯაროდ გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ, რადგან არ მიაჩნიათ, რომ მსგავსი ქმედების გასაჯაროება ხელს შეუწყობს დისკუსიისა და მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესს.

„თუმცა პარალელურად ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენივე თანაშრომლების მიმართ და აქედან გამომდინარე, მივმართეთ სახალხო დამცველს”, – ამბობს ლომინაძე.