დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების საკითხზე პროფკავშირი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკის ყველა მოქმედ სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხო პირობები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის  N 181 დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც, ქვეყანაში აიკრძალა რიგი ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორებიცაა: სამედიცინო დაწესებულებათა საქმიანობა, სურსათის/ცხოველის საკვების, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის წარმოება, ნავთობისა და გაზის მოპოვება, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება და სხვ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი ზომები COVID-19 გავრცელების აღკვეთის მიზნით ადამიანების უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად,  სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ რიგ სექტორებში დასაქმებულებს კვლავ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გარემოში უწევთ საქმიანობა, რადგან მათ შრომითი უსაფრთხოებაზე კონტროლი საკანონმდებლო რეგულაციებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის მიღმა რჩება.

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში საქმიანობა გრძელდება ისეთ სექტორებში (მშენებლობა, სამთომოპოვება), რომლებშიც, ტრადიციულად,  ყველაზე მაღალია უბედური შემთხვევების სტატისტიკა“, – ამბობენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

იმისთვის, რომ მოხდეს, პირველ რიგში, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, უბედური შემთხვევების პრევენცია, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მასზე ეფექტიანი რეაგირება, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს პრემიერ – მინისტრს თხოვნით:

  1. შემუშავდეს ერთიანი კოორდინირებული მიდგომა, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყოს დაცული ეკონომიკის ყველა დარგში თანაბრად;
  2. განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და მერიის მუნიციპალური  ინსპექციების საქმიანობაზე თბილისსა და რეგიონებში;
  3. ეკონომიკური საქმიანობის იმ დარგებზე და შრომის უსაფრთხოების იმ საკითხებზე კი, რომლებიც ზემოაღნიშნული ორგანოების კონტროლის მანდატს მიღმა რჩება, გაავრცელოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილება, რათა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული“.