დასასანქცირებელ პირთა სიაში მოხვედრის გამო ვანო ჩხარტიშვილი ჩივილს აპირებს

პუბლიკა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის მოხვდა, ვის სანქცირებასაც მოითხოვენ, განცხადებას ავრცელებს. ჩხარტიშვილი სიაში მოხვედრას „დროასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობებს უკავშირებს, რომ მის მიმართ „ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის საერთაშორისო არენაზე გატანა მოხდეს.“

ჩხარტიშვილის განცხადებით, ბიზნესმენთა სია, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სიცრუეზეა აგებული, მას ჰყავს ქართველი ავტორები, რომლებიც ცილს სწამებენ, რომ თითქოს ჩხარტიშვილი რუსულ ნავთობკომპანია „როსნეფტთან“ თანამშრომლობს.

„არ არსებობს არანაირი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემს კავშირს მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ან „პეტროკასა“, თუ“ გალფთან“ და „ფოთის პორტთან“. ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი.

ჩემი დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც „სმარტ კაპიტალის“ ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები. ჩვენ გამიზნულად არ ვმონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ჩვენს საქმიანობას ყოველწლიურად აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს.

მისი დასკვნა არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან ჩვენ არ გვაქვს.

ზემოაღნიშნულმა პირებმა ეს კარგად იციან, მაგრამ არც მალავენ ამდაგვარი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქცირების გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით ქვეყანაში გარკვეული დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან.

ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების „ფეიკებს“, საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი „საერთაშორისო“ ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა“, – აცხადებს ბიზნესმენი.

ვანო ჩხარტიშვილი წერს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებებმა შესაძლოა, მას რეპუტაციული ზიანი მოუტანოს საქმიან წრეებში, ამიტომ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში.

გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ჩემს მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის შესაძლო ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება.

შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ“, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.


უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება, დასასანქცირებელთა სიაში ვანო ჩხარტიშვილი რამდენიმე ქართველ ბიზნესმენთან, ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვასთან ერთად მოხვდა.

„ომი და სანქციები“ არის პორტალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, იპოვონ ადამიანი ან კომპანია, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეიტანონ ისინი სანქცირებულთა სიაში.