მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა დასაშვები ხდება.
მთავრობის ინფორმაციით, ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები (მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები) უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 256 პირი.