დაშავდნენ ჩვენი თანამშრომლებიც და მოქალაქეებიც, სულ 7-8 მარტს 133 ადამიანი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

შსს-ში ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები განთავსებული იყო პარლამენტის შენობაში, რათა არ მომხდარიყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან.

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებსა, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“, – ამბობენ შსს-ში.

მათივე განცხადებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შსს-ს თანამშრომლებმა შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

„პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა – აგრესიული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდა და აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები“, – ამბობენ შსს-ში.

მათი ცნობით, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

შსს-ში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც.

„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული“, –  ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.