დაშავებული ყოფილი თანამშრომლისთვის „თბილისი ენერჯის“ სარჩოს გადახდა დაეკისრა - საია

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „თბილისი ენერჯის“ ყოფილი თანამშრომლის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩოს გადახდა 2019 წლის ივნისიდან საპენსიო ასაკს მიღწევამდე – ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტრთა ასოციაცია“ ავრცელებს.

საია იცავდა კომპანია „თბილისი ენერჯიში“ დასაქმებულ პირს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიიღო ტრავმა. ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელე მუშაობდა აღმრიცხველის პოზიციაზე. სამუშაოს შესრულებისას, აივნის მოულოდნელი ნგრევის შედეგად, მან მიიღო მარცხენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარცხენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია – წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი.

„მოსარჩელეს 2019 წლის ივნისში უვადოდ დაუდგინდა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, 2021 წლის ივლისში კი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი მდგომარეობა დაკავშირებულია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ დაზიანებებთან. დასაქმებულს დაუდგინდა საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვა 25%-ით.

მოთხოვნის მიუხედავად დამსაქმებელი უარს აცხადებდა დაზარალებული თანამშრომლისთვის ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, საჭირო გახდა სასამართლოში სარჩელის შეტანა შპს „თბილისი ენერჯის“ წინააღმდეგ“, – აცხადებს საია.